სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავება ერთ-ერთი საკითხია, რაზეც, გავრცელებული ინფორმაციით, ბაქოში ვიზიტით მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ, ალი ასადოვმა ისაუბრეს.
BMG გთავაზობთ მონაცემებს მეზობელ აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების შესახებ, ვაჭრობის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და ფულადი გზავნილების ნაწილში.
სავაჭრო ბრუნვა
გასული წელი საქართველო-აზერბაიჯანის სავაჭრო ურთიერთობებისთვის რეკორდული იყო. საქსტატის 2023 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს მეხუთე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 7%-იანი წილით. ორი ქვეყნის ექსპორტისა და იმპორტის ჯამი 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც თავის მხრივ, ასევე რეკორდულად მაღალი ექსპორტის დამსახურებაა.
ექსპორტი
აზერბაიჯანი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო პარტნიორია. აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ ქვეყანაში საქართველო მეტს ყიდის, ვიდრე თავად ყიდულობს. გასულ წელს ექსპორტი წლიურად 28.2%-ით გაიზარდა და 862.1 მილიონი დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანზე მთლიანი ექსპორტის 14.2% მოდის.
ექსპორტის ნახევარზე მეტი მსუბუქ ავტომობილებს უკავია. უფრო დეტალურად, აზერბაიჯანში ექსპორტირებული TOP-10 საქონლის რეიტინგი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $437.2 მლნ;
- სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები - $35.4 მლნ;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $26 მლნ;
- სატვირთო ავტომობილები - $26 მლნ;
- ტარა ქაღალდის, მუყაოს, ცელულოზის ბოჭკოს ბამბის ან ტილოსაგან - $25.6 მლნ;
- კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები - $25.4 მლნ;
- მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - $19.2 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $15.9 მლნ;
- ცხვრები და თხები ცოცხალი - $14.9 მლნ;
- წყლები, მინერალურის და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $13.6 მლნ.
იმპორტი
აზერბაიჯანი მეექვსე ადგილს იკავებს საიმპორტო პარტნიორების რეიტინგში, მთლიან იმპორტში 4.2%-იანი წილით. გასულ წელს იმპორტი 2.1%-ით გაიზარდა და 653.9 მილიონი დოლარი იყო.
იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $314.5 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $95.4 მლნ;
- ცემენტი - $57 მლნ;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $32.2 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $21.8 მლნ;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისგან - $11.6 მლნ;
- ნაწარმი თაბაშირის ან მის საფუძველზე დამზადებული ნარევებისგან - $10 მლნ;
- თაბაშირი, ანჰიდრიტი, ბათქაში - $8.9 მლნ;
- რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრის დამატების გარეშე - $4.9 მლნ;
- მავთულები იზოლირებული, კაბელები - $4.3 მლნ.
ინვესტიციები
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში მეშვიდე ადგილზეა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს აზერბაიჯანიდან 54 მილიონი დოლარის FDI შემოვიდა, რაც ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმია. ამასთან, საკმაოდ მაღალი, 3018%-იანი ზრდაა 2022 წელთან შედარებით. აზერბაიჯანიდან შემოსული ინვესტიციებით გამორჩეული იყო 2015 წელი, როდესაც რეკორდული 582 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ფულადი გზავნილები
აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მაჩვენებელი არც ისე დიდია. გასულ წელს 46.4 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2023 წელს მიღებული მთლიანი გზავნილების 1.13%-ია. ამასთან, აზერბაიჯანიდან გზავნილები, 2022 წელთან შედარებით, 16%-ით შემცირდა.
ტურიზმი
პანდემიის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანს მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან, სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი აქვს. უახლესი ინფორმაციით, აზერბაიჯანი საზღვრებს აპრილშიც არ გახსნის და შეზღუდვა, ამჯერად 2024 წლის 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდა. ცხადია, მეზობელ ქვეყანასთან სახმელეთო გადაადგილების შეზღუდვამ გავლენა მოახდინა ტურიზმის სტატისტიკაზე. იმის მიზეზად, რომ საქართველოში ტურისტული ნაკადები პანდემიამდელ ნიშნულს ვერ დაუბრუნდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი სწორედ აზერბაიჯანის მიერ სახმელეთო საზღვრის ჩაკეტვას ასახელებს, რამაც მისი თქმით, საქართველოს 1.5 მილიონზე მეტი ტურისტი და 400 მილიონი დოლარი დააკარგვინა.
ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს აზერბაიჯანიდან 199 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 30.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა პანდემიამდელ 2019 წელს დაფიქსირებულ 1 526 619 ვიზიტს 87%-ით ჩამორჩება.