მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რომელი სექტორები შემცირდა და გაიზარდა ივლისში? - გოგიტა თოდრაძე

გოგიტა თოდრაძე

წინასწარი შეფასებით, 2025 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 6.3%-ით გაიზარდა, წლევანდელი წლის 6 თვის ზრდის მაჩვენებელი კი 8.3% იყო. საქსტატის თანახმად, ივნისში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 14.8 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით მეტია.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, დამმუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ასევე ტრანსპორტი და ვაჭრობა. კლების ტენდენცია გამოვლინდა ძირითადად ორ სექტორში მშენებლობასა და ენერგეტიკაში.

"ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდას ძირითადად განაპირობებს კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, IT მიმართულებით კონსულტაციების გაწევა და მათთან დაკავშირებული საქმიანობის მომსახურების მოცულობის ზრდა. დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდის ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო მეტალურგიულ მრეწველობასთან, როგორიცაა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება. გაზრდილია ასევე არალითონური, მინერალური პროდუქტების და ლითონის სამშენებლო კონსტრუქციების წარმოების მაჩვენებლები. გაზრდილია მინერალური სასუქების წარმოების მოცულობაც. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 67%-ით გაიზარდა მინერალური სასუქების ექსპორტის მაჩვენებელი.

რაც შეეხება საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორს, ზრდის ტენდენციები ძირითადად დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდის ტენდენციები დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ძირითადად სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. ვაჭრობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის გაფართოებასთან.

როგორც უკვე აღვნიშნე, ორ სექტორში გამოვლინდა შემცირების ტენდენცია, უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ მშენებლობის სექტორი, სადაც კლება ძირითადად დაკავშირებული იყო გზების, ავტობანების, ხიდების და გვირაბების მშენებლობის მოცულობის შემცირებასთან. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შეინიშნებოდა კლების ტენდენციები ამ მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია საგარეო ვაჭრობის მონაცემებიდანაც, რომ დაახლოებით 13%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი", - აცხადებს თოდრაძე და ამატებს, რომ ენერგეტიკაში კლება ჰესების შემცირებულ გამომუშავებას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები