მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელი სფეროებით ინტერესდებიან ჩინელი ინვესტორები საქართველოში? - საელჩო

საქართველო-ჩინეთი

ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაღრმავდა, როგორც პოლიტიკურად, რაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებით დასტურდება, ასევე ეკონომიკურად, რაც საგარეო ვაჭრობის ბრუნვის, ორმხრივი უვიზო რეჟიმით განპირობებული ადამიანების მიმოსვლით და საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდით გამოიხატება. ამრიგად, ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უკავშირდება, რომლის მეწილე, საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად, ჩინური კორპორაცია China Communications Construction Company იქნება.

ანაკლიის პორტის პროექტის აქციონერებს შორის ჩინური კომპანიის გამოჩენა მიგვანიშნებს, რომ მომდევნო წლებში, საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გაიზრდება. თუმცა მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს პარამეტრი ბოლო წლებში ისედაც ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თუ 2022 წელს, საქართველოში $43.6 მილიონის ჩინური FDI შემოვიდა, 2023 წელს ეს პარამეტრი $47.3 მილიონამდე გაიზარდა. 2024 წლის პირველი კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ჩინურმა კომპანიებმა საქართველოში $13.8 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს.

მაშ, ქართული ეკონომიკის რომელი სფეროებით ინტერესდებიან ჩინელი ინვესტორები? ამ კითხვაზე საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა, ჭაო ჩუანმა გვიპასუხა. დიპლომატის თქმით, ჩინეთი საქართველოს პერსპექტიულ საინვესტიციო ქვეყნად მიიჩნევს, რაც იმ $800-მილიონიან FDI-ში გამოიხატება, რომელიც ქვეყანამ საქართველოს ეკონომიკაში ჯამურად განახორციელა.

“საქართველო თავისი ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოთი, ინვესტორებისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი ადგილია. რაც შეეხება ჩინეთს, ის საქართველოს ასევე პერსპექტიულ საინვესტიციო გარემოდ მიიჩნევს და მუდამ მისი უდიდესი ინვესტორი იყო, რომლის ინვესტიციებიც ჯამში 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

როგორც ლიდერს გლობალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩინეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობა გააღრმაოს ისეთი საკვანძო მიმართულებით, როგორებიცაა რკინიგზების, პორტების, გზების მშენებლობა და სხვა. ამასთან, ბევრი ჩინური კომპანია აქტიურად განიხილავს საქართველოსთან ენერგეტიკულ ინდუსტრიაში პარტნიორობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და სტაბილურობას. გარდა ამისა, არსებობს სხვა უამრავი შესაძლებლობა ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის, ლოგისტიკის, ტრანსპორტირების, ენერგეტიკული სფეროსა და ციფრული ჰაბების განვითარების მიმართულებით.

ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ უფრო მეტ ჩინურ კომპანიას, რათა საქართველოს ბიზნესის და საინვესტიციო პერსპექტივა გამოიკვლიონ. ასეთი თანამშრომლობის საშუალებითა და ჩინური ექსპერტიზისა და გამოცდილებების გაზიარებით, გვსურს მეტად შევუწყოთ ხელი საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას”, - განაცხადა ჭაო ჩუანმა BMG-სთან.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველს ვკითხეთ საქართველოს და ჩინეთს შორის გაფორმებულმა სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე მისი გავლენა შევაფასებინეთ. როგორც ჩინელი დიპლომატი ამბობს, სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას ახალი იმპულსი შესძინა.

“ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ახალი იმპულსი შესძინა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას. ჩინეთის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 48%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. შარშან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, საქართველოს 48,000-ზე მეტი ჩინელი ტურისტი ეწვია, რაც პანდემიამდე ნიშნულზე მეტია. ჩინურმა კომპანიებმა, განსაკუთრებით Hualing-მა, ძლიერი ფესვები გაიდგეს საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში სტაბილური წარმოებისა და ოპერაციების მეშვეობით.

ჩვენ გავაგრძელებთ ორივე ქვეყნის საწარმოების მხარდაჭერას და წახალისებას, რათა მუდმივად გააფართოონ და გააღრმაონ თანამშრომლობის სფეროები, განუწყვეტლივ გაამდიდრონ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კონოტაცია, გააგრძელონ „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი შენება და უფრო დიდი წვლილი შეიტანონ საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში”, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა, ჭაო ჩუანმა BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები