ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა გაღრმავდა, როგორც პოლიტიკურად, რაც ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებით დასტურდება, ასევე ეკონომიკურად, რაც საგარეო ვაჭრობის ბრუნვის, ორმხრივი უვიზო რეჟიმით განპირობებული ადამიანების მიმოსვლითა და საქართველოში ჩინური ინვესტიციების ზრდით გამოიხატება. ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს უკავშირდება, რომლის მეწილე, საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად, ჩინური კორპორაცია China Communications Construction Company იქნება.
ბოლო წლებში, საქართველოსა და ჩინეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვა ფაქტობრივად ყოველწლიურად იზრდება, ხოლო 2018 წლიდან მისი მაჩვენებელი სისტემატურად აღემატება ერთ მილიარდ დოლარს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ჩინეთი ერთ-ერთი უმთავრესი სავაჭრო პარტნიორია. იმპორტ-ექსპორტის კომპოზიცია, მართალია, ხშირად იცვლება, მაგრამ გასული წლის მონაცემებს თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ საქართველოდან ჩინეთში ყველაზე დიდი ღირებულებით სპილენძის მადნები, ძვირფასი ლითონები, სამედიცინო ხელსაწყოები, ღვინო და დაფნის ფოთოლი გადის.
იმპორტი, ცხადია, განსხვავებულია - ჩინეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით კომპიუტერები, ფოლადის ნაწარმი, საბურავები, კონდიციონერები და ნათურები შემოდის. ამასთან, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად დაჩქარდა ჩინეთიდან საქართველოში ავტომობილების იმპორტი. გასულ წელს, ქვეყანაში $22.2 მილიონის ღირებულების 1,767 ჩინური ავტომობილი შემოვიდა, რაც 62%-ით მეტია, ვიდრე 2022 წელს. მიმდინარე წლის ხუთ თვეში კი, საქართველომ $18.6 მილიონის ღირებულების 1,119 ავტომობილი უკვე შეიძინა, ანუ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წელს იმპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდება.
საქართველოში ჩინური ავტომობილების პოპულარობის გამომწვევ მიზეზებზე, ქვეყანაში ჩინური ინვესტიციების ზრდაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩინური კომპანიის ინტერესებზე და “შუა დერეფანზე” საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველს, ჭაო ჩუანის ვესაუბრეთ.
- გასულ წელს, საქართველოში ჩინეთიდან $22.2 მილიონის ღირებულების 1,767 ავტომობილი შემოვიდა, რაც 62%-ით მეტია, გასული წლის მაჩვენებელთან. თქვენი შეფასებით, რით აიხსნება ეს ზრდა?
- ჩინეთი საქართველოს უმნიშვნელოვანეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთია, ორი ქვეყანა ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთისგან დიდი რაოდენობით მაღალი ხარისხის პროდუქციის იმპორტს ახორციელებს. ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სხვა პროდუქტები დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩინელ მომხმარებლებს შორის. ანალოგიურად, ბევრი ჩინური პროდუქტი სულ უფრო და უფრო მეტად შემოდის ქართულ ბაზარზე, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითიც ჩინური მანქანებია.
ჩინურმა ავტომობილებმა, განსაკუთრებით ახალმა ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილებმა, მსოფლიოში წამყვან ტექნოლოგიურ უპირატესობას მიაღწია R&D ინვესტიციებისა და ყოვლისმომცველი სამრეწველო და მიწოდების ქსელის მეშვეობით. ეს მანქანები ექსპორტზე გადის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც და მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც ვიცი, ჩინურმა Geely Automobile-მა თბილისში უკვე ოფიციალური ცენტრი გახსნა და მჯერა, რომ სამომავლოდ ქართულ ბაზარზე მეტი ჩინური საავტომობილო ბრენდი შემოვა.
დღეს ზოგიერთი ქვეყანა ჩინეთს ახალი ელექტრო მანქანების ე.წ „ჭარბი წარმოების“ ცრუ ბრალდებას უყენებს. ეს ბრალდებები ალოგიკური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. რაოდენობრივი თვალსაზრისით, 2023 წელს ჩინეთის ავტომობილების ექსპორტის მაჩვენებელი მხოლოდ 15% იყო. იმავე წლის ავტომობილების გაყიდვების რაოდენობით წამყვან 10 კომპანიას შორის მხოლოდ ერთი ჩინური კომპანია მოხვდა, რომელიც გაყიდვების მოცულობაც Toyota-სა და Volkswagen-ის გაყიდვების ერთ მესამედზე ნაკლები იყო.
მიწოდებისა და მოთხოვნის თვალსაზრისით, ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიის ამჟამინდელი წარმოების სიმძლავრე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბაზრის მოთხოვნებს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად საჭიროა, რომ 2030 წლისთვის ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა 45 მილიონს მიაღწიოს, რაც სამჯერ აღემატება 2023 წელს დაფიქსირებული გლობალური გაყიდვების რაოდენობას.
რაც შეეხება სამრეწველო განვითარებას, უკვე აშკარაა მწვანე ტრანსფორმაციისა და ნახშირბადის ნეიტრალიტეტისკენ გადასვლის ტენდენციის უპირატესობა. გლობალური ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრია ჯერ კიდევ ახალი და სწრაფად მზარდია, თუმცა წარმოების სიმძლავრე ამჟამად არა გადაჭარბებული, არამედ არასაკმარისიც კი არის. ჩინეთის გლობალური ძალისხმევა ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში პრიორიტეტს ანიჭებს სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინოვაციების მიღწევების გაზიარებას. ამ სტრატეგიამ ეფექტიანად შეუწყო ხელი მსოფლიოში ალტერნატიული ენერგიის პროდუქტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მნიშვნელოვან ნაბიჯებს მწვანე ტრანსფორმაციისა და ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად.
- რამდენიმე თვის წინ, საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა დააანონსა, რომ ქუთაისში, შესაძლოა, ჩინური ელექტრომობილების ბაზრობა აშენდეს. რა არის ცნობილი ამ პროექტის შესახებ ამ დროისთვის?
- პირველ რიგში, ნება მომეცით განვმარტო, რომ ელჩი მეორადი ელექტრომობილების ბაზრობას გულისხმობდა. ცოტა ხნის წინ, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პოტენციალის გამოსაკვლევად საქართველოს ჩინური ლოგისტიკური კომპანიები ეწვივნენ, რის შემდეგაც მათ ინტერესი გამოხატეს საქართველოში მეორადი ავტომობილების ბაზრის მიმართ. მათი პროგნოზის თანახმად, „შუა დერეფნის“ ეტაპობრივი განვითარება და E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება ქუთაისის ინდუსტრიული ზონის პოტენციალს გამოავლენს. მათი სურვილია ისარგებლონ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის სტრატეგიული მდებარეობითა და პოტენციალით, რათა ჩინეთსა და საქართველოს შორის მეორადი მანქანებით ვაჭრობის კუთხით ურთიერთობები გაძლიერდეს. ეს გულისხმობს ჩინური მეორადი მანქანების შემოსვლას საქართველოში, რაც დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას და გავლენას იქონიებს ამიერკავკასიისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზეც.
- მინდა გკითხოთ საქართველოში ჩინური კომპანიების გააქტიურებაზე. რა ტენდენციას ხედავთ ბოლო პერიოდში და რა გავლენა მოახდინა საქართველოს და ჩინეთს შორის გაფორმებულმა სტრატეგიულმა თანამშრომლობამ ორ ქვეყანას შორის არსებულ ბიზნესკავშირებზე?
ჩინეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებამ ახალი იმპულსი შესძინა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას. ჩინეთის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს ჩინეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მოცულობამ 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 48%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. შარშან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მხრიდან უვიზო რეჟიმის შემოღების შემდეგ, საქართველოს 48,000-ზე მეტი ჩინელი ტურისტი ეწვია, რაც პანდემიამდე ნიშნულზე მეტია. ჩინურმა კომპანიებმა, განსაკუთრებით Hualing-მა, ძლიერი ფესვები გაიდგეს საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში სტაბილური წარმოებისა და ოპერაციების მეშვეობით.
ჩვენ გავაგრძელებთ ორივე ქვეყნის საწარმოების მხარდაჭერას და წახალისებას, რათა მუდმივად გააფართოონ და გააღრმაონ თანამშრომლობის სფეროები, განუწყვეტლივ გაამდიდრონ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის კონოტაცია, გააგრძელონ „სარტყლისა და გზის“ ერთობლივი შენება და უფრო დიდი წვლილი შეიტანონ საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
- რა სფეროებში ინვესტირებით ინტერესდებიან ჩინელი ინვესტორები? შეგიძლიათ დაასახელოთ რამდენიმე კონკრეტული პროექტი, რომელშიც ინვესტირება განიხილება?
საქართველო თავისი ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოთი, ინვესტორებისათვის განსაკუთრებულად მიმზიდველი ადგილია. რაც შეეხება ჩინეთს, ის საქართველოს ასევე პერსპექტიულ საინვესტიციო გარემოდ მიიჩნევს და მუდამ მისი უდიდესი ინვესტორი იყო, რომლის ინვესტიციებიც ჯამში 800 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.
როგორც ლიდერს გლობალური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩინეთს სურს საქართველოსთან ურთიერთობა გააღრმაოს ისეთი საკვანძო მიმართულებით, როგორებიცაა რკინიგზების, პორტების, გზების მშენებლობა და სხვა. ამასთან, ბევრი ჩინური კომპანია აქტიურად განიხილავს საქართველოსთან ენერგეტიკულ ინდუსტრიაში პარტნიორობას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და სტაბილურობას. გარდა ამისა, არსებობს სხვა უამრავი შესაძლებლობა ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის, ლოგისტიკის, ტრანსპორტირების, ენერგეტიკული სფეროსა და ციფრული ჰაბების განვითარების მიმართულებით.
ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ უფრო მეტ ჩინურ კომპანიას, რათა საქართველოს ბიზნესის და საინვესტიციო პერსპექტივა გამოიკვლიონ. ასეთი თანამშრომლობის საშუალებითა და ჩინური ექსპერტიზისა და გამოცდილებების გაზიარებით, გვსურს მეტად შევუწყოთ ხელი საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
- ინვესტიციების გახსენებაზე, აუცილებლად უნდა გკითხოთ საქართველოში ჩინური ბანკების გამოჩენაზე. ბოლო პერიოდია, საქართველოში არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, ქვეყანაში ჩინური ე.წ. “სოციალური” ბანკი შემოდის, რომელიც სესხებს გაცილებით იაფად გასცემს. რამდენად რეალურია ეს სიახლე?
- საქართველოში მოქმედ ჩინურ ბანკებს შორის გამოირჩევა ბაზის ბანკი, რომელიც შეიძინა Xinjiang Hualing Group-მა. მას შემდეგ ბაზის ბანკი სწრაფად იზრდება. 2023 წელს იგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა აღიარებული, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი საქართველოში და ამჟამად მეოთხე ადგილზეა ქართულ საბანკო ინდუსტრიაში.
ჩინეთის ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მზად არიან მხარი დაუჭირონ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ერთობლივ მშენებლობას. ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი და სხვა ბანკები განსაკუთრებით არიან ორიენტირებული ინფრასტრუქტურის, „შუა დერეფნის“ და ენერგოსექტორში პროექტების მხარდაჭერაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს აქტიურად გამოიკვლიოს ჩინურ საბანკო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები.
რაც შეეხება ახალ ბანკს და დაბალ საპროცენტო განაკვეთებს, ამ საკითხზე სიახლე არ მსმენია.
- ერთი ფაქტი, რომელიც ფაქტობრივად დადასტურებულია, ჩინური კომპანიის, CCCC-ის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო კონკურსში გამარჯვებას უკავშირდება. პირველ რიგში გკითხავთ, რას წარმოადგენს ეს კომპანია?
- China Communications Construction Company (CCCC) არის წამყვანი გლობალური ინფრასტრუქტურული სერვისის პროვაიდერი, რომელიც 2023 წელს Fortune Global 500 სიაში 63-ე ადგილს იკავებს. კომპანია ფოკუსირებულია ინვესტიციებზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე, აღჭურვილობის წარმოებასა და ურბანულ განვითარებაზე. CCCC არის მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია პორტების დიზაინისა და მშენებლობის, საავტომობილო გზების და ხიდების დიზაინისა და მშენებლობის, გათხრებისა და კონტეინერის ამწეების წარმოების მიმართულებით. მისი პროდუქტები და სერვისები გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.
ჩინური კომპანიები, მათ შორის CCCC, მეგობრობის, თანასწორობის და ორმხრივი სარგებლის პრინციპებს ეფუძნებიან, რაც დადებითად აისახება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად, საქართველოში E60 ჩქაროსნული გზის მონაკვეთი ააშენა CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ China Road and Bridge Corporation-მა. ეს მონაკვეთი ტრანსპორტისთვის გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლა და მოიპოვა დადებითი შეფასება, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან.
- რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთისთვის? რა როლს ასრულებს ანაკლიის პორტი და საქართველო “ერთი სარტყელი - ერთი გზის” პროექტში?
- ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა ევრაზიის რეგიონში. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის, საქართველოსთვის და ამ დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისათვის. ამჟამად ჩინეთი, საქართველო, ევროპა და ყველა ჩართული მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართ, რაც მყარ საფუძველს ქმნის მომავალი თანამშრომლობისთვის.
საქართველო აკავშირებს ევროპასა და აზიას თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით და მისი ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად. ანაკლიის პორტი უდავოდ გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას გამოეხმაურა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაღრმავდა, რამაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო. მოსალოდნელია, რომ ანაკლიის პორტი გახდება საეტაპო პროექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისთვის. ანაკლიის პორტი გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლს და განამტკიცებს მის ადგილს მსოფლიო ვაჭრობაში, რაც თავის მხრივ გაზრდის მის მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტორებისთვის.
ჩინეთი მზად არის გააგრძელოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა „სარტყელი და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირთან. „სარტყელი და გზის“ ინიციატივის „შუა დერეფანთან“ ინტეგრაციის ხელშეწყობით, რესურსების ინვესტირების გაზრდით და საბაზრო თანამშრომლობის გაძლიერებით, ჩინეთი მიზნად ისახავს უკეთესად განავითაროს და გამოიყენოს „შუა დერეფანი“. ეს გააუმჯობესებს რეგიონში ტრანსპორტირების ეფექტურობას და უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს რეგიონულ ეკონომიკურ, სავაჭრო და სოციალურ განვითარებას.
- შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ანაკლიის პროექტი და ქუთაისში ავტომობილების ბაზრის აშენება ერთმანეთთან კავშირშია?
რამდენადაც ვიცი, ჩინური კომპანიების ინტერესი ამ ორი პროექტის მიმართ პირდაპირ კავშირში არ არის, თუმცა ანაკლიის პორტი, როგორც სატრანსპორტო კვანძი საქართველოში, აუცილებლად მოიზიდავს უფრო მეტ ინდუსტრიას საქართველოში ინვესტიციების განსახორციელებლად. როგორც ახლა აღვნიშნე, ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ უფრო მეტ ჩინურ კომპანიას ეწვიოს და ინვესტიციები განახორციელოს საქართველოში, და მზად ვართ გავაგრძელოთ წვლილი შევიტანოთ საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში.