ჩინეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო, ანუ ახლა უკვე ჩინეთში გაჩერება 30 დღის ვადით უვიზოდ შეგვეძლება. საქართველოს მთავრობის შეფასებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჩინეთში მოგზაურობას გაუმარტივებს და ახალ შესაძლებლობებს შექმნის, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული და პოლიტიკური კუთხით.
ცნობისთვის გეტყვით, რომ გასულ წელს საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა. მთავრობის განმარტებით, საქართველოს ინტერესს ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და აზიური სახელმწიფოდან კაპიტალის მოზიდვა წარმოადგენს.
სწორედ ამ ამბის ფონზე, გადავწყვიტეთ, საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ ურთიერთობაზე უფრო ვრცლად გვესაუბრა.
დავიწყოთ სავაჭრო ბრუნვით, გასულ 2023 წელს საქართველო-ჩინეთის ბრუნვამ 1 მილიარდ 640 მილიონი დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ჩინეთი გლობალურ რეიტინგში მეოთხე ადგილს იკავებს. მას მხოლოდ თურქეთი, რუსეთი და ამერიკა უსწრებენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ვაჭრობის დინამიკა მზარდია, ანუ ჩინეთში თითქმის ყოველწლიურად უფრო მეტ პროდუქტს ვყიდით და ვყიდულობთ.
ზოგადად, როცა საუბარი ამ ორ ქვეყანას ეხება, არ უნდა დაგვავიწყდეს 2017 წელი, როცა საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმა. თან, იმ დროს, მოლაპარაკებები რეკორდულ შვიდ თვეში დასრულდა. რეალურად, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ორი ქვეყნის ურთიერთობების ლოგიკური გაგრძელება იყო, რადგან სავაჭრო ბრუნვა ხელშეკრულების გაფორმებამდეც მდგრადად იზრდებოდა, იურიდიულმა დასტურმა კი ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად დააჩქარა.
თუ 2012-დან 2017 წლის ჩათვლით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა ჯამში 46%-ით გაიზარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებიდან 2022 წლის ჩათვლით, ვაჭრობა კუმულაციურად თითქმის 100%-ით გაიზარდა, ანუ ფაქტობრივად გაორმაგდა.
საერთო ჯამში კი, გასული ათი წლის განმავლობაში, საქართველო - ჩინეთის სავაჭრო ბრუნვა 2.5-ჯერ გაიზარდა. თუ 2013 წელს, ბრუნვის მაჩვენებელი სულ რაღაც 646 მილიონი დოლარის ტოლი იყო, 2023 წელს მან 1 მილიარდ 640 მილიონ დოლარს მიაღწია.
ახლა კი, სავაჭრო ბრუნვას დეტალურად ჩავუღრმავდეთ. პირველი დაკვირვება, რომლის გაკეთება შეგვიძლია ისაა, რომ სავაჭრო ბრუნვა ცალსახად იმპორტისკენაა გადახრილი, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ჩინეთი სიდიდით რიგით მეორე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოა მსოფლიოში, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 17.7 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ჩინეთი აწარმოებს ყველაფერს, რისი წარმოებაც შესაძლებელია. საქართველო კი, საპირწონედ ამისა, პროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა.
აქვე, ჩნდება შეკითხვა - თუ რას ვყიდით და ვყიდულობთ ჩინეთში? დავიწყოთ იმპორტით, მისი უდიდესი ნაწილი კომპიუტერულ მოწყობილობებზე მოდის; ასევე ვხედავთ კონდიციონერებს და ელექტრონულ მოწყობილობებს.
ექსპორტის მიმართულებით ჩინეთში ძირითადად სპილენძის მადნებსა და ლითონებს ვყიდით, რაც ჩინეთს ნამდვილად დიდი რაოდენობით სჭირდება იმ მილიონობით სახეობის პროდუქციის საწარმოებლად, რომელსაც შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყიდიან.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ჩინეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად იქცა, რასაც მედიაში ხშირად ვხედავთ, მაგრამ სტატისტიკა კითხვის ნიშნებს აჩენს. საქმე ისაა, რომ საქართველოდან ჩინეთში ღვინის ექსპორტმა პიკს 2017 წელს მიაღწია, როცა ამ ქვეყანაში 20.5 მილიონი დოლარის ღვინო გავყიდეთ. გასულ 2023 წელს ჩინეთში 11.7 მილიონი დოლარის ღვინო გავიტანეთ გასაყიდად, ანუ კლება 43%-ია, რაც სახარბიელო შედეგი ნამდვილად არ არის.
ბოლოს კი, ორიოდ სიტყვა უნდა ვთქვათ ჩინეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, რადგან ჩინეთი საქართველოსთვის მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო პარტნიორი არ არის. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან თითქმის ოცი მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა და ამ მაჩვენებლით, ჩინეთმა მე-5 ადგილი დაიკავა.
ტურიზმის მიმართულებით განსაკუთრებული არაფერი შეინიშნება, რადგან პანდემიის შემდეგ ქვეყანა რამდენიმე წლით ჩაიკეტა და 2019 წლის შედეგის გაუმჯობესება ჯერ ნაადრევია.
ვნახოთ, იქონიებს თუ არა უვიზო რეჟიმის ამოქმედება პოზიტიურ გავლენას ტურიზმის დინამიკაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინვესტიციების გააქტიურებაზე, რადგან, როგორც ვიცით, ჩინური კომპანიები საქართველოში რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტით არიან დაინტერესებულნი.