ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ბიზნესმენ ნიკა ალავიძის აზრით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, მსხვილი ბიზნესმენების ნაწილი დუმილი ნეიტრალურ პოზიციას არ ნიშნავს. ამის შესახებ მან BMGTVის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. "დელეცების" დუმილი ნიშნავს [„ოცნების“] ხელშეწყობას“ - ამბობს ნიკა ალავიძე.
- საქართველოში სიტუაცია სულ უფრო მძიმდება - მსხვილი გადასახადების გადამხდელები, ბიზნესმენები კი, დუმილის რეჟიმში რჩებიან - არც კარგს ამბობენ, მაგრამ არც - ცუდს... როგორ ფიქრობთ, რატომ ირჩევენ დუმილს? სხვათა შორის #წერტილთან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, ფინანსისტმა ნიკა შურღაიამ მდუმარე ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ მიმართა, ჩინური ანდაზის მოშველიებით: "ასეთი ჩინური ანდაზაა - „ქუნჯუთის თესლს საზამთროს ნუ გადააყოლებთო". აი, მორიგ ტენდერზე და მორიგ სამშენებლო პროექტზე რომ ფიქრობთ და „ჩალიჩობთ“, იფიქრეთ, მთელი ბიზნესი უკან არ დაგრჩეთ" - თქვა მან..
- ძალიან მაგარი სიტყვაა - „ჩალიჩობთ“ და „ჩალიჩი“… მე ვერ ვხედავ ბიზნესს ანუ ბიზნესის კლასიკური განმარტებით, ჩემთვის ბიზნესი არის საქართველოში, მაგალითად "Coca-Cola Georgia", "ICR"-ი, “აჭარა ჯგუფი”… კომპანიები, რომლებმაც თავისი საქმიანობით ეკოსისტემები შექმნეს და ქმნიან; ასევე, პატარა კომპანიები, რომლებიც გარემოს ცვლიან და ა.შ. ისინი სახელმწიფო ბიუჯეტს არ არყევენ და ამ 3,800,000 ადამიანს არ სწოვენ სისხლს... გლობალური მასშტაბით - Apple-ი, "Patagonia", "North Face" და სხვა დიდი კომპანიები, რომელთა [ისტორიები] ბიზნესსკოლებში ისწავლება, როგორც ე.წ. „ქეის-სთადები“. სადმე გისწავლიათ ქართველ „დელეცებზე“ რამე?! ბიზნესმენები იყვნენ ძმები ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი... ტიპები მიწებებულები არიანი [ხელისუფლებას], გამოირჩევიან მაამებლური საუბრებით და სრულიად მოწყვეტილები არიან რეალობას....
- არ მგონია, რომ მოსწონდეთ საქართველოში შექმნილი ვითარება თუმცა შეიძლება, დუმილი მიაჩნდეთ ხელშეუხებლობის გარანტად?
- საქართველოში ხომ ბიზნესი თითქოს თავისუფალია და რომ ჰკითხოთ, ბედნიერები არიან... არის ასეთი ცნობილი ფრაზა - თუ გინდათ, რომ სტაბილურობა შეინარჩუნოთ, ის გარემო, სადაც თქვენ ოპერირებთ, უნდა იყოს თავისუფალი ანუ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ ხმის ამოღების შიში; არ უნდა იყოს გაბატონებული დუმილი, რომელიც არის გარანტია იმის, რომ თქვენ არ დაგიჭერენ და არ შეგეხებიან. მათი დუმილი არის ხელშეწყობა. ამ „დელეცების“ დუმილი არის ხელშეწყობა... ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება და გინება, რომელიც მისი მისამართით იყო [პოლიციელის მხრიდან], არის შეურაცხყოფა და გინება მთელი ქართული სამედიცინო საზოგადოების. ასევე, ფინანსისტ ნიკა შურღაიას დაკავებაზეც მინდა, აღვნიშნო - 2000-იანი წლების დასაწყისში, როცა ლონდონში ნიკა შურღაია უკვე ძალიან წარმატებული იყო, ბევრმა ქართველმა იქ მისი დახმარებით აიდგა ფეხი, მათ შორის ბიზნესში და დღეს, მე ვერავის ხმა ვერ გავიგე... ყველამ თავის თავში ჩაიხედოს. ნიკა შურღაიას რესურსი არის უშველებელი, რომელიც ქვეყნის სასარგებლოდ შეიძლება იყოს გამოყენებული, ისევე როგორც ბევრი ადამიანის, ვინც იქ [ციხეში] არის.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- წერტილი უნდა დაესვას, სწორედ, ამ დუმილს - აი, ამ „ელეცობას“. „დელეცობაც“ არ არის ცუდი რაღაცა, მაგრამ „დელეცობიდან“ ბიზნესამდე არის გრძელი აკადემიური გზა, რომ გახდეთ ძმები ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, ნიკო ნიკოლაძე... თემური ჭყონია, თემურ უგულავა და ა.შ.




























