მათთვის, ვინც 2024 წელს მოგზაურობას გეგმავთ CNBC-ი ყველაზე უსაფრთხო და მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიას აქვეყნებს. კრიტერიუმებს შორისაა სამედიცინო და უსაფრთხოების რისკები. უსაფრთხოების რეიტინგის რუკაში წელს პირველად არის გათვალისწინებული კლიმატის ცვლილება, რადგანაც გლობალურად ტემპერატურის ზრდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს.
საფრთხის რისკი ყველაზე მაღალი აფრიკის ქვეყნებში ლიბიასა და სამხრეთ სუდანშია. International SOS-ის ცნობით, ამ ქვეყნებში არის „მინიმალური ან არარსებული სამთავრობო კონტროლი კანონისა აღსრულებისა და წესრიგის კუთხით.“ ასევე ფუნქციონირება უჭირს მუნიციპალურ სატრანსპორტო სერვისებს. საფრთხის მაღალი რისკების მქონე ქვეყნებში გამუდმებული საპროტესტო აქციებია, რომლებიც ხშირად ძალადობრივია. აგრესიის სამიზნე კი, უცხოელებიც ხდებიან. ამ კატეგორიაში შედის: ვენესუელა, პაკისტანი და ბირმა.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები:
ყველაზე უსაფრთხო 2024 წელსაც სკანდინავიის ქვეყნები იქნება. ისლანდია, ნორვეგია, ფინეთი, დანია და გრენლანდია კლასიფიცირებულია, როგორც უმნიშვნელო საფრთხის რისკების მქონე ქვეყნები. შვეიცარია და სლოვენია ასევე იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებსაც უსაფრთხოების ყველაზე ნაკლები რისკი აქვთ.
მოგზაურობის დროს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია - მოგზაურთა 60% ამბობს, რომ მოგზაურობის დროს პოტენციური გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევები სამოგზაურო დაზღვევის შეძენის მთავარი მოტივატორია. მით უფრო, რომ პირველადი ჯანდაცვის პროვაიდერები, როგორც წესი, არ ფარავენ საზღვარგარეთ კლინიკების მომსახურების ხარჯს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. ჯიბიდან გადახდებს.
ძალიან მაღალ სამედიცინო რისკების მქონე ქვეყნები, შეფასებულია ინფექციური დაავადებების გავრცელების მიხედვით. ყველაზე მეტად სამედიცინო უსაფრთხოების პრობლემები ავღანეთში, ჩრდილოეთ კორეაში და აფრიკული ქვეყნების ნაწილში დგას. მათ შორის სუდანსა და ლიბიაში.
ყველაზე ნაკლები სამედიცინო რისკის მქონე ქვეყნებში შედიან: აშშ, კანადა, იაპონია, ავსტრალია და სინგაპური.
International SOS-მა ასევე შეადგინა ქვეყნების რეიტინგი კლიმატის ცვლილების და იმის მიხედვით, თუ როგორ შეიძლება ამან გამოიწვიოს ჰუმანიტარული კრიზისები და კატასტროფები. მიუხედავად ამისა, რომ ეს ნაკლებად შეიძლება იყოს მყისიერი საფრთხე მოგზაურობისას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს რისკები უფრო ურთიერთდამოკიდებული ხდება. მაგალითად, კლიმატური პირობების გაუარესებამ შეიძლება გამოიწვიოს სამედიცინო რისკების ზრდა. კერძოდ, ახალი დაავადებების განვითარება, ან არსებული დაავადებების სიხშირის ზრდა“, - განუცხადა CNBC Travel-ს ნორიკო ტაკასაკიმ, International SOS-ის დირექტორმა უსაფრთხოების საკითხებში.