მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში დასვენება არ აინტერესებთ" - Check-in Travel

რუსეთი

2023 წლის III კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს ტერიტორიიდან საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819 ათას 900 გასვლა დაფიქსირდა, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტებიდან 377 ათას 600 ტურისტული იყო. ყველაზე მეტი მოქალაქე თურქეთს, სომხეთსა და რუსეთს ეწვია.

ტურისტულ კომპანია Check-in Travel-ში აცხადებენ, რომ საქართველოდან რუსეთში, ძირითადად, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მიდიან. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენის შემდეგ, რუსეთში დასასვენებლად წამსვლელთა რაოდენობა არ გაზრდილა.

"საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში დასვენება საერთოდ არ აინტერესებთ. ძალიან ბევრს სურვილიც არ აქვს, რუსეთში წავიდეს. ფრენების აღდგენის შემდეგ ძალიან მიზერულია წამსვლელთა რაოდენობა. რუსეთის მიმართულებით გაყიდული ბილეთების 99% ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე მოდის. ალბათ, 1%-ია ისეთი, ვინც ოჯახის წევრების მოსანახულებლად ან სხვა მიზნით მიდის. შესაბამისად, ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოდან რუსეთში წამსვლელთა რაოდენობა არ გაზრდილა", - აცხადებს კომპანიის დირექტორი, ლევან ოსეფაიშვილი.

როგორც ლევან ოსეფაიშვილი BMG-თან ამბობს, საქართველოს მოქალაქეებისთვის დასასვენებლად საინტერესო მიმართულება ევროკავშირია. მისი თქმით, მოთხოვნა გაზრდილია აზიის ქვეყნებზეც.

"ძირითადი მიმართულება, რომელიც ყველაზე აქტიურია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროკავშირის ქვეყნებია. ის დღემდე ნომერ პირველ ადგილს იკავებს. ევროპაში მინიმუმ 4-5 დღით მიდიან. ყველაზე პოპულარულია იტალია და ესპანეთი. შემდეგ სეზონის მიხედვით იცვლება მოთხოვნები. საშობაო ტურებზე, ნოემბერ-დეკემბერში ძირითადად ბუდაპეშტს, ვენას, პრაღას ირჩევენ. ძალიან დიდი მოთხოვნა წამოვიდა აზიის კონტინენტზეც, კერძოდ ტაილანდზე, შრი-ლანკაზე, ინდოეთზე. ამასთან, რაც უვიზო რეჟიმი შემოვიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს მიმართულებაც", - აღნიშნავს Check -in Travel-ის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები