მსოფლიოს წამყვან ფინანსურ ცენტრებს შორის საუკეთესო ტიტული, წლევანდელი შედეგებით კვლავ ნიუ-იორკს ერგო - ასეთია Global Financial Centres Index-ის მიერ შედგენილი უახლესი რეიტინგის შედეგი, რომელიც ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Z/Yen ჯგუფის დაკვეთით შეიქმნა.
რეიტინგში 120 მსხვილი ქალაქი სხვადასხვა ისეთი კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა, როგორიცაა: კონკურენტუნარიანობა, ბიზნესგარემო, ფინანსური აქტივობების მოცულობა და არეალი, კაპიტალის ბაზრის წილი, ადამიანური კაპიტალის განვითარება, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო საფუძველი, რეპუტაცია და დაგროვილი კაპიტალის მენეჯმენტის მიმართულება. შეფასების მაქსიმალური ქულა კი 760-ით განისაზღვრა.
რეიტინგის შედეგები ცხადყოფს, რომ ყველა ამ კრიტერიუმს ცალსახად ნიუ-იორკი აკმაყოფილებს, რომელიც ზედიზედ უკვე რამდენიმე წელია, მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრის ტიტულს არ თმობს და შესაბამისად, უმაღლესი შეფასებაც სწორედ ამ ქალაქმა დაიმსახურა.
ნიუ-იორკის ორი უმსხვილესი საფონდო ბირჟა - NYSE და Nasdaq - გლობალური ბაზრის კაპიტალიზაციის 42.4%-ს განაგებს, მათი ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია კი 50 ტრილიონ დოლარს აღწევს. მხოლოდ ფინანსურ სერვისებში დასაქმებულთა რაოდენობა კი იქ 330 000-ს აღემატება. განვითარებადი ეკონომიკების სწრაფი ზრდის ტემპის მიუხედავად, კაპიტალის ბაზრების წამყვან ქვეყნად მსოფლიოში კვლავ აშშ რჩება.
731 ქულით რეიტინგში მეორე პოზიციაზე ევროპის ფინანსური ცენტრი - ლონდონია. ბრიტანეთის დედაქალაქში 9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მისი საფონდო ბირჟის კაპიტალიზაცია 4 ტრილიონ დოლარს აღემატება. მართალია, სხვა ქალაქებში, მაგალითად, შანჰაიში უფრო მაღალი კაპიტალიზაციის ბირჟაა, თუმცა ლონდონი გლობალური ეკონომიკისთვის უფრო მნიშვნელოვან ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.
აზიის შვეიცარიად წოდებული სინგაპური 723 ქულით მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ცენტრების რეიტინგში მესამე ადგილზე პოზიციონირებს. სინგაპურის დიპლომატიური ნეიტრალიტეტი როგორც აზიურ, ისე დასავლურ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს ამ ქვეყანაში ბიზნესი წარმატებით დაიწყონ. ამის დასტურია ისიც, რომ ისეთ ტექნოლოგიურ გიგანტების, როგორიცაა Google და Alibaba, მთავარი რეგიონული შტაბ-ბინები სწორედ ამ ქალაქ-სახელმწიფოში ოპერირებს
მსოფლიოს უმსხვილეს ფინანსურ ცენტრებს შორის, სინგაპურს ერთი ქულით ჩამოუვარდება ჰონგ კონგი და მისი შეფასება 722 ქულით განისაზღვრება, ხოლო მეხუთე პოზიციას 721 ქულით სან-ფრანცისკო იკავებს.
რეიტინგის ათეულში დარჩენილი პოზიციები ასე ნაწილდება:
ლოს-ანჯელესი - 719 ქულა
შანჰაი - 717 ქულა
ჩიკაგო - 716 ქულა
ბოსტონი - 715 ქულა
სეული - 714 ქულა
ფინანსური ცენტრების ამჟამინდელი მდგომარეობის შეფასების გარდა, Z/Yen იმ ქალაქების ჩამონათვალსაც აქვეყნებს, რომლებიც მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებენ.
ამ სიის სათავეში სეული, სინგაპური და რუანდას დედაქალი კიგალი ხვდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად და ფინანსური ცენტრის როლის გასაძლიერებლად სეულმა ახალი საგადასახადო პოლიტიკა დააწესა, რომლის თანახმად უცხოური კომპანიები საშემოსავლო და კორპორაციული გადასახადებისგან სამი წლის ვადით თავისუფლდებიან.
საერთო ჯამში, კვლევა ცხადყოფს რომ მომდევნო წლების განმავლობაში აზიის ფინანსური ცენტრები აღმასვლას განაგრძობენ, რასაც უპირველესად რეგიონის მზარდი ეკონომიკა განაპირობებს.