მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტი?

სტუდენტები

სწრაფად ცვლად და ტექნოლოგიურად განვითარებულ მსოფლიოში ადამიანები სულ უფრო ხშირად ამბობენ, რომ ფორმალურმა საუნივერსიტეტო განათლებამ დრო მოჭამა. შესაძლოა, გარკვეულ პროფესიებში ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ ჩვენი პლანეტის განვითარებად ნაწილში მაინც, უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვან საგანმანათლებლო და სოციალურ ფუნქციას ასრულებს.

დღეს, 2024 წლის მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებს წარმოგიდგენთ - რეიტინგს, რომელიც ონლაინპლატფორმა QS-მა შეადგინა.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგის მეხუთე ადგილს კალიფორნიის შუაგულში, სილიკონის ველზე მდებარე სტენფორდის უნივერსიტეტი იკავებს - უნივერსიტეტი, რომელიც ჯერ კიდევ 1891 წელს დაფუძნდა და დღემდე, ნობელის პრემიის ოცი ლაურეატი აღზარდა, რაც გასაგებიცაა, რადგან ყოველწლიურად, სტენფორდის სასწავლო პროგრამებზე დიდი ნიჭისა და საოცარი რეზიუმეს მქონე 16,000 სტუდენტი ირიცხება. სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის ვხედავთ, როგორც Google-ის დამფუძნებლებს, სერგეი ბრინსა და ლარი პეიჯს, ასევე Nike-ის დამფუძნებელს, ფილ ნაითს და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს.

პლანეტის საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მეოთხე ადგილზე მსოფლიოში ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტი - ჰარვარდი მოხვდა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნივერსიტეტი, რომელმაც საკუთარი კარი ჯერ კიდევ 1636 წელს გააღო, სახელგანთქმულია, როგორც სასწავლო პროგრამებითა და სპორტული კლუბებით, ასევე კურსდამთავრებულებით. ჰარვარდის სტუდენტებს მოუგიათ ყველა ჯილდო, რომელიც კი არსებობს; მათ შორის ირიცხება 108 ოლიმპიური მედალიც. უნივერსიტეტის რვა კურსდამთავრებული კი - აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. ჰარვარდის უნივერსიტეტი, სხვადასხვა დროს, დაამთავრეს, როგორც Microsoft-ის ყოფილმა დირექტორმა სტივ ბოლმერმა, ასევე Airbnb-ის დამფუძნებელმა, ნეითან ბლეჩარჩიკმა. Facebook-იც კი, როგორც ცნობილია, სწორედ ჰარვარდში შეიქმნა.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგის მესამე ადგილზე გაერთიანებული სამეფოს მშვენება - ოქსფორდის უნივერსიტეტი მოხვდა, რომელიც ყველაზე ძველი უნივერსიტეტია ინგლისურენოვან სამყაროში. ეს სახელგანთქმული უნივერსიტეტი, ჯამში, 250,000-ზე მეტმა ადამიანმა დაამთავრა, რომელთა შორის 26 ნობელიატი, 30 მსოფლიო ლიდერი და 120 ოლიმპიური მედალოსანი ირიცხება. ამ ადამიანებს შორის შეხვდებით, როგორც ნელსონ მანდელას, ასევე ინდირა განდის და ბილ კლინტონს.

საუკეთესო უნივერსიტეტებს შორის მეორე ადგილზე კიდევ ერთი ბრიტანული უნივერსიტეტი მოხვდა, რომელიც ჯერ კიდევ 1209 წელს დაფუძნდა. კემბრიჯის უნივერსიტეტი ბევრი რამითაა სახელგანთქმული, მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია უნივერსიტეტის 116 ბიბლიოთეკა, რომელიც ერთბაშად 16 მილიონ წიგნს ინახავს. ამ წიგნებზე, წლების განმავლობაში, ნობელის პრემიის არაერთი ლაურეატი აღზრდილა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომელთაც, პირდაპირი გაგებით, კაცობრიობის ბედი შეცვალეს - კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს შორის ვხვდებით, როგორც აიზეკ ნიუტონს, ასევე ჩარლზ დარვინს.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის წოდებას კი - მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, იგივე MIT იკავებს, რომელიც, თავის დროზე, მეცნიერებაზე შეყვარებული ადამიანების მცირე კომუნას აერთიანებდა, მაგრამ დღეს, პლანეტის ტექნოლოგიურ ბირთვად ჩამოყალიბდა, რომელიც, ყოველწლიურად, 11,000-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს. MIT ამერიკის და, შესაბამისად მსოფლიოს წამყვანი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც არაერთი გენიოსი აღუზრდია, როგორც ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად ტექნოლოგიების, ასევე მეცნიერებისა და ეკონომიკის მიმართულებით.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულებმა 30,000-ზე მეტი კომპანია დააფუძნეს, რითაც თითქმის ხუთი მილიონი სამუშაო ადგილი შექმნეს და, რაც მთავარია $1.9 ტრილიონის შემოსავალი დააგენერირეს. თითოეული ეს პარამეტრი, ცხადია, წლიდან წლამდე იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები