მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელია საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქები მსოფლიოში? - რეიტინგი

ქალაქები

Economist Intelligence Unit-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2023 წელს საცხოვრებლად ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური და ციურიხი იკავებენ, რომლებსაც ჟენევა, ნიუ-იორკი და ჰონგ-კონგი მოსდევს.

ანგარიშის თანახმად, ამ ქალაქებში 2023 წელს 200 ყველაზე ხშირად გამოყენებად პროდუქტსა და სერვისზე ფასები საშუალოდ 7.4%-ით გაიზარდა, რაც გასული წლის რეკორდული 8.1%-იანი მაჩვენებლის შემდეგ შემცირებულია, თუმცა კვლავ მკვეთრად აღემატება 2017-21 წლების ტენდენციებს.

სინგაპური ბოლო 11 წლის მანძილზე ძვირად ღირებული ქალაქების რეიტინგის სათავეში 9-ჯერ მოექცა, რაც ქვეყანაში პროდუქტებისა და სერვისების მრავალ კატეგორიაზე სტაბილურად მაღალი ფასებით აიხსნება. ამ ქალაქ-სახელმწიფოში როგორც საჯარო, ისე ტრანსპორტის ფასები ყველაზე მაღალია, რადგან მთავრობა ავტომობილების რაოდენობაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს. სინგაპურში საკმაოდ ძვირია საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი და ალკოჰოლი.

რაც შეეხება ციურიხს, ფასების ზრდა შვეიცარიული ფრანკის სიმყარითა და საკვებ პროდუქტებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებზე ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულებით აიხსნება.

ჟენევა და ნიუ-იორკი მესამე ადგილს იყოფენ, მათ ჰონკ-კონგი მოსდევთ, მეექვსე ადგილს კი ლოს-ანჯელესი იკავებს.

რეიტინგში საკუთარი პოზიციებიდან წელს ყველაზე მკვეთრად რუსული ქალაქები - მოსკოვი და სანკტ-პეტერბურგი - ჩამოქვეითდნენ მას შემდეგ, რაც დასავლურმა სანქციებმა რუბლი მკვეთრად გააუფასურა.

ანგარიშის თანახმად, აზიაში ფასების საერთო დონის ზრდის ტემპი შედარებით დაბალია, ვიდრე სხვა რეგიონებში. წლევანდელ რეიტინგში ჩინური და იაპონური ქალაქები რამდენიმე პოზიციით ჩამოქვეითდნენ.

ფასების ინდექსის გამოსათვლელად 10 კატეგორიიდან ყველაზე მეტად კომუნალური გადასახადების ღირებულება გაიზარდა, რაც ასევე რუსეთის უკრაინაში შეჭრით აიხსნება.

აღსანიშნავია, რომ ინდექსში 173 ქალაქი ხვდება, თუმცა, მაგალითად, ფასების მსოფლიო დონის ცვლილებები კიევისა და კარაკასის გამოკლებით გამოითვლება, რადგან კიევი შარშანდელ კვლევაში არ მოხვედრილა, კარაკასში კი ჰიპერინფლაცია კვლავ პრობლემად რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები