მოქმედებს თუ არა აფთიაქების რაოდენობა მედიკამენტების ფასებზე - ეს საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც „ქართულ ოცნებაში“ ბოლო პერიოდში საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველოში აფთიაქების ჭარბი რაოდენობა მედიკამენტების ფასებზე დამატებითი ზეწოლა იყოს.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, ეს ვითარება „ბუნებრივია, რომ გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთი აისახება ფასში“.
როგორც BMG-სთან ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, იმ მედიკამენტების შემთხვევაში, რომელსაც სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეფერენტული ფასები ეხება, აფთიაქების რაოდენობას გავლენა ვერ ექნება.
ირაკლი მარგველაშვილის თქმით, ევროპის რიგ ქვეყანაში მართლაც არსებობს გარკვეული რეგულაცია აფთიაქების რაოდენობასა და მათ გეოგრაფიულ გადანაწილებას შორის. თუმცა მისივე თქმით, ეს ყველაფერი თავად სახელმწიფოს მხრიდან სექტორის დაფინანსების მოდელზეა მიბმული.
შესაბამისად, მარგველაშვილი ამბობს, რომ სააფთიაქო ქსელების მიმართ რომელიმე ქვეყნის კონკრეტული მოდელის პირდაპირ გადმოღება გამართლებული არ იქნება.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მედიკამენტების ფასის გავლენაზე აფთიაქების რაოდენობასთან მიმართებით, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა საუბარია მედიკამენტებზე, რომლებიც რეფერენტული ფასნამატით არიან ამ პროცედურაში გაერთიანებული, იქ რაც არ უნდა ბევრი აფთიაქი იყოს, ფასი არ შეიცვლება. ანუ ფასი არის ფიქსირებული და, რა თქმა უნდა, იმ ფასზე მეტად ეს მედიკამენტი ვერ გაიყიდება. ამიტომ, სულ რომ ბევრი იყოს თუ ცოტა იყოს აფთიაქი, მედიკამენტების ამ ნაწილზე ფასი იქნება ერთნაირი. ანუ, ამ ნაწილზე შემიძლია გითხრათ, რომ გავლენა არ აქვს.
[მედიკამენტების] დანარჩენ ნაწილზე გავლენას ახდენს თუ არა – ამაზე სხვადასხვა შეხედულებები არსებობს. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის უნდა შევადაროთ მოდელირებაში ჩვენი ფასები გარე რეფერენტულ ფასებს, ანუ შედარებები გვაქვს სხვა ქვეყნებთან. აქაც ცალსახად არ არის ისეთი მოდელი, რომელიც შეგვიძლია გადმოვაკოპიროთ. ზოგიერთ ქვეყანაში მკაცრად რეგულირდება [აფთიაქების] რაოდენობა მოსახლეობის დისტანციით, ზოგიერთ ქვეყანაში არ არის რეგულირებადი, მაგრამ თავად ეს პროცესი არის მიბმული სხვა კომპონენტებთან. არ შეგვიძლია ცალკე აღებული მოდელი ავიღოთ, გადმოვაკოპიროთ და ვთქვათ, რომ ეს იმუშავებს. უნდა იყოს მოდელირება – რა მოხდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ და აუცილებლად უნდა იყოს ინტენსიური მუშაობა და დისკუსია ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ერთი ერთში კოპირება არანაირი მოდელის გამართლებული ვერ იქნება, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია ყველა ქვეყნისთვის.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე იყვნენ სადისტრიბუციო ქსელების ხელმძღვანელობაც და იყო განცხადება მათგან, რომ აფთიაქების რაოდენობა არ მოქმედებს მათი პროდუქციის ფასზე. აქ საუბარი იყო იმაზეც, რომ რაც მეტი აფთიაქია, უფრო კონკურენტულ გარემოში კონკურენციაც იზრდება. აქედან გამომდინარე, ეს არის საკმაოდ რთული სფერო. მე ამაზე ცალსახა პასუხი არ მაქვს. კიდევ ერთხელ შემიძლია ვილაპარაკო მარტო რეფერენტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც ფასი არასდროს შეიცვლება და მათ აფთიაქების რაოდენობასთან კავშირი არ აქვთ.
აფთიაქების რაოდენობა ეს არის დისტრიბუტორების პრეროგატივა, რომლებსაც თავისი შეხედულება აქვთ თავისი ქსელის გაფართოებაზე. საერთაშორისო სტანდარტები ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა. თუ მაგალითად ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში რეგულირდება მოსახლეობის რაოდენობით, ზოგიერთში – დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, ნორვეგიაში – არ რეგულირდება. ეს მოდელი მიბმულია დაფინანსებასთან სახელმწიფოს მხრიდან.
ხშირად არის საუბარი, რომ აფთიაქებში გარკვეული ჩამონათვალი მედიკამენტების უნდა იყოს სულ. ყველაზე მძიმე რაც შეიძლება იყოს, არის დეფიციტი. როცა შედიხარ აფთიაქში და არ არის წამალი. ფასი და დეფიციტი – ეს ორივე მნიშვნელოვანია. ევროპაში ეს პრაქტიკა გადაბმულია დაფინანსების სისტემებთან, ესენციური მედიკამენტების სიებთან. ამიტომ ვერ გავაკეთებთ კოპირებას, როგორც სხვა პროდუქციაზე, მედიკამენტი გაცილებით უფრო კომპლექსური სფეროა“, - განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.




























