მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რომელმა კვლევამ გითხრათ, რომ ქვეყანაში გვჭირდება 20 ასტროლინგვისტი და 5 მეტყველების თერაპევტი?" - ილიაუნის რექტორი კობახიძეს

ნინო დობორჯგინიძე

ილიაუნის რექტორი ნინო დობორჯგინიძე დაინტერესდა ბაზრის კვლევით, რომლის საფუძველზეც უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტები განისაზღვრა.

"თქვენ რომ შრომის ბაზრის კვლევა ჩაატარეთ, იმან გაჩვენათ რომ ქვეყანაში გჭირდებათ 5 კომუნიკაციისა ენისა და მეტყველების თერაპევტი და 20 ასტროლინგვისტი, ასეა კვოტები გამოცხადებული, მაშინ, როდესაც თქვენ რომ დაუკვეთეთ კვლევა საერთაშორისო ორგანიზაციებს, იმათ თქვეს რომ 1500 მეტყველების თერაპევტია საჭირო. ამიტომ გვაინტერესებს, რომელმა ბაზრის კვლევამ გითხრათ, რომ ქვეყანაში გვჭირდება 20 ასტროლინგვისტი და 5 ენა-მეტყველების თერაპევტი? საუბარია მაგისტრატურაზე",- განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ „იმედის“ ეთერში, სადაც უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.

თავის მხრივ, "ოცნების" პრმეიერმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება. მისივე თქმით, თუ არის ხარვეზები, არსებობს მზაობა გამოსწორებისთვის.

"ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვეთ, განათლების სამინისტროსთან ერთად, ვთხოვეთ ბიზნეს ასოციაციას ჩართვა [კვლევაში]. უახლოეს მომავალში გავმართავთ ამ კვლევის პრეზენტაციას.

შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა. თუ ხარვეზები გაიპარა, მზად ვართ, რომ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ. ამისათვის დრო არის და მადლობა არგუმენტებისთვის და კომენტარებისთვის",- განაცხადა მან.

კობახიძის თქმით, შრომით ბაზარზე იგულისხმება არა მხოლოდ დღეს არსებული მოთხოვნა, არამედ პოტენციური მოთხოვნაც.

„მაგალითად, დღეს შეიძლება, ნაკლები იყოს მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე და მომავალში ეს შეიძლება, პოტენციურად გაიზარდოს, შეიძლება, იყო ზრდის პოტენციალი და ეს არის გათვალისწინებული შრომის ბაზრის ანალიზში. ყველა მსხვილი სფერო არის აღებული სამართალი, მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერებები და ყველა მიმართულებით არის განსაზღვრული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კვოტები. თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები