კომპანია Rothschild & Co-მა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის პირველადი დოკუმენტი წარუდგინა.
დოკუმენტის სამუშაო ვერსია საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს კომპანიის მმართველმა დირექტორმა, არიელ მალარდ დე როტშილდმა წარუდგინა. სტრატეგია მოიცავს კონკრეტულ პროექტებსა და ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.
სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვა, ქვეყანაში ძლიერი ფინანსური ცენტრების განვითარების ხელშეწყობა და კაპიტალის ბაზრის განვითარება.
შეხვედრას კომპანია Rothschild & Co-ს წარმომადგენლები, პიერ ადელინი და ელა ტრედი, კომპანია KAISER PARTNER-ის აღმასრულებელი დირექტორი შტეფან ლინიგერი და KAISER PARTNER-ის წარმომადგენელი ტილა კავენგი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა - სტრატეგიაში გაწერილი პროექტების მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტიანად განხორციელების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ Rothschild & Co-სთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც კომპანიის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური რეფორმების მომზადებას მოიცავს.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ რეფორმების შედეგად საქართველო რეგიონულ ფინანსურ ჰაბად უნდა ჩამოყალიბდეს. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან კი ირკვევა, რომ კომპანიასთან კონტრაქტი ქვეყნის ბიუჯეტს 1,857,225 ლარი უჯდება.
რა რეფორმა უნდა მომზადდეს?
საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 17 იანვარს განაცხადა, რომ ისინი ახალი ტიპის თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას გეგმავენ. თუკი ამჟამად თიზ-ები წარმოებასა და ლოგისტიკაზეა ორიენტირებული, ახალი ტიპის თიზი ფინანსურ საქმიანობაზე იქნება კონცენტრირებული. “სპეციალური ფინანსური ზონა” - ეს იქნება ამ ახალი თიზ-ის სახელი.
მთავრობის განცხადებით, ამ ზონებისთვის ორი ლოკაცია უკვე შეარჩიეს. კერძოდ კი “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება.
ანუ Rothschild & Co მუშაობს რეფორმის პროექტზე, რომელიც თემქის მიდამოების და გონიოს საერთაშორისო ფინანსურ ცენტრად განვითარებას გულისხმობს და ამაში საქართველოს მთავრობა თითქმის 2 მილიონ ლარს იხდის.
“სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ამ ზონებში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ნახევარზე მეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამ ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი მნიშვნელობის საერთაშორისო კომპანიები, ისეთები როგორიცაა Rothschild-ის კომპანია.
ეს ცენტრები ორიენტირებული იქნება ფინტექებზე, აქტივების მმართველ კომპანიებზე, ტრეიდინგით დაკავებულ კომპანიებზე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენი ვარაუდია, რომ ეს შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის იანვარში.