მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“როცა ღვინო ხვდება მოგზაურობას” - ფლორენციის აეროპორტის სახურავზე ვენახი გაშენდება

ფლორენციის აეროპორტი

“როცა ღვინო ხვდება მოგზაურობას” - ეს ფლორენციის აეროპორტის ახალი პროექტია. პირველად აეროპორტის სახურავზე 7.7 ჰექტარი ფართობის ვენახი გაშენდება. ეს ამერიკული დიზაინის სტუდიის - Rafael Viñoly Architects-ის ხედვაა, რომელიც იტალიის აეროპორტში განახლებულ ხედვას ნერგავს. აღნიშნული ხედვის ნაწილია აეროპორტის სახურავზე გაშენებული ვაზიც, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ტოსკანა ღვინის წარმოების მიმართულებით იტალიის გულია.

პროექტის ზუსტი დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუმცა არქიტექტორების წინასწარი გეგმით, ფლორენციის აეროპორტის ტერმინალი 50 000 კვადრატული მეტრი იქნება. აეროპორტს უზარმაზარი, დახრილი სახურავი ექნება, რომელიც ფანჯრებით მოპირკეთდება და ჯამში ვაზის 38 რიგს გააერთიანებს.

მიიჩნევა, რომ ევროპაში ეს პირველი აეროპორტია, სადაც ვენახი განთავსდება. თუმცა მაგალითად, ამერიკაში, კალიფორნიაში, ჰალტერ რანჩის ვენახში, კერძო აეროპორტია განთავსებული, რომელიც ლიცენზირებული პილოტებისთვის და მათი ღვინის მოყვარული მეგობრებისთვის არის განკუთვნილი. ფლორენციის აეროპორტის პროექტი კი იშვიათი კომბინაციაა.

პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად ჩნდება კითხვებიც - დაიწყებს თუ არა ფლორენციის აეროპორტი საკუთარი ღვინის წარმოებას? - ვარაუდობენ, რომ აეროპორტში მოწეული ყურძნით, ღვინო შიდა მოხმარების მიზნით უნდა აწარმოონ. ვენახისა და ღვინის ქარხნის მოვლა-პატრონობა თუ ექსპლუატაცია, სავარაუდოდ, ტოსკანის ერთ-ერთ წამყვან მევენახეს დაევალება, თუმცა ვინ იქნება ის ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა დანამდვილებით იციან, რომ ის ტოსკანური ღვინის ერთ-ერთი გამორჩეული ოჯახიდან იქნება. ჯერ კიდევ განიხილება თუ ვაზის რომელი ჯიშები უნდა გაშენდეს აეროპორტის სახურავზე თუმცა მოსალოდნელია, რომ ისინი ტოსკანური მეღვინეობის მდიდარი მემკვიდრეობის ნაწილი იქნება. აეროპორტში გამგზავრების დარბაზის უკან ღვინის ქარხანაც განთავსდება.

„ჩვენი მიზანი არის, რომ მოგზაურებმა თავისი თვალით ნახონ როგორ მზადდება ღვინო, ამასთან როგორ გამოიყურება ღვინის ჩამოსხმის და დაძველების პროცესი, რაც მთავარია ეს ყველაფერი აეროპორტის შენობაში უნდა მოხდეს“ - ამბობენ პროექტის ავტორები.

მიღმა ვენახებისა, აეროპორტის ტერმინალის არქიტექტურა მაქსიმალურად მოერგება მგზავრებს და ხელს შეუწყობს მათი მიმოქცევის გამარტივებას. გეგმის მიხედვით, აეროპორტის ასაფრენი ბილიკი თანამედროვე თვითმფრინავებს მოერგება და გააუმჯობესებს სატრანსპორტო კავშირებს, ახალი, სარკინიგზო სისტემების მეშვეობით.

Rafael Viñoly Architects-ში აცხადებენ, რომ ფლორენციის აეროპორტის პროექტზე აეროპორტის დაგეგმარების ჯგუფთან ერთად იმუშავებენ. Ამასთან, პროექტი ორ ფაზად უნდა განხორციელდეს. აეროპორტის სამუშაოების პირველი ეტაპი 2026 წელს უნდა დასრულდეს, მეორე ფაზა კი დაგვიანდება. ის საბოლოო სახეს 2035 წელს მიიღებს. კომპანიის არქიტექტორების თქმით, ეს საკმაოდ რთული პროექტია, მთავარი გამოწვევა კი იმაში მდგომარეობს თუ როგორ გაუძლებს სახურავი ვენახების წონას. ნიადაგს, რომელმაც მუდმივად უნდა დატენიანდეს.

ამ პრობლემის ნაწილობრივ გადასაჭრელად, პროექტი ისეთ კონსტრუქციებს, გააერთიანებს, რომლებიც დამზადებულია ასაწყობი ბეტონისგან, რათა ბეტონის დახმარებით ნიადაგი და ვენახის შესანარჩუნებლად საჭირო სარწყავი სისტემები შემოისაზღვროს. კომპანიის არქიტექტორი ასევე აღნიშნავს, რომ თვითმფრინავების შედეგად დაბინძურებულმა ჰაერმა არ უნდა მოახდინოს გავლენა მოსავლის ხარისხზე, შესაბამისად, ამ მიმართულებითაც არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები