მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა "ოცნებას" მხოლოდ პუტინი აქებს ანუ მის საქმეს აკეთებს" - ლევან ალაფიშვილი

ლევან ალაფიშვილი

კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, წერტილი უნდა დაესვას არაგონივრულობას, რომელმაც შეიძლება, საქართველოს სახელმწიფოებრიობას წერტილი დაუსვას.

კონსტიტუციონალისტის მიმართვის მთავარი ადრესატი „ქართული ოცნებაა“, რომელიც მისივე თქმით, არადემოკრატიულ ქმედებებზე გადავიდა.

უკვე ორ კვირაზე მეტია, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, რომ 2028 წლამდე აჩერებს ევროინტეგრაციის პროცესს, ქვეყანაში მასშტაბური, უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს. „ოცნების“ ხელისუფლებამ კი, არაერთხელ სცადა, პროევროპული აქციების ძალადობრივად დაშლა.

„ეს გზა საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში წარმატებული ვერ იქნება. საქართველო არაა ისეთი ქვეყანა, აქ ვინმემ წარმატებას მიაღწიოს ავტორიტარიზმის დამკვიდრებაში. ამას დაუმატეთ ის გარემოება, რომ უკვე წამოვიდა ელექტორალურად ახალი თაობა, რომლისთვისაც უცხოა ის, რაც ჩემმა თაობამ გამოიარა. გულსატკენი ისაა, რომ ძვირფას დროს ვკარგავთ საშინელებაში. ჩვენს შვილებს ვართმევთ ამ დროს. გლობალური განვითარება ისეთი დინამიკურია და ჩვენ თუ ახლა ჩამოვრჩით, ძალიან მარტივი გამოსაცნობია შედეგი - თუ არ ავყევით, სადღაც გაგვისვრის ისტორიის ბორბალი და სად აღმოჩნდებიან არა მხოლოდ ჩვენი შვილები, არამედ „ქართული ოცნების“ და მათი მხარდამჭერების შვილები, არავინ იცის. ამიტომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ ყველა - გვინდა, განვითარება თუ გვინდა, ყველაფრის დასრულება.

შვილებს მომავალს ნუ წავართმევთ... ყველა დროულად უნდა დაფიქრდეს ამაზე“, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მისივე თქმით, დღეს ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ქვეყანას.

„ჩვენს პასიურობას უნდა დავუსვათ წერტილი და დემოკრატიული გზით გადავარჩინოთ საქართველო. დასაკარგი სამშობლო არ გვაქვს“, - დასძინა „წერტილთან“ ინტერვიუში ლევან ალაფიშვილმა.

იურისტს უჭირს ახსნას, „ქართული ოცნების“ ლოგიკა, რატომ გამოაცხადეს 28 ნოემბერს, რომ 2028 წლამდე აჩერებენ ევროინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს იყო „საჩუქარი პუტინისთვის“.

"მე არ ვიცი, რამდენად ფასეულია [ოცნებისთვის] ეს შედეგი, მაგრამ ხომ მიიღეს პუტინისგან შექება ამის გამო?! ფაქტია, ქვეყნის გარეთ არავინ უწონებს მათ ამ გადაწყვეტილებას, არც ქვეყნის შიგნით იწონებს ვინმე - ვხედავთ, მათი [ოცნების] მომხრეებიც კი ქუჩაში დგანან. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ხარჯზე როცა პუტინი აქებს მხოლოდ „ოცნებას“ ანუ მის საქმეს აკეთებს. არ ვიცი, მათ შორის არის თუ არა კავშირი, მე მხოლოდ ლოგიკური მსჯელობა შემიძლია.

ქართველი ხალხის ხარჯზე პუტინისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება „ოცნების“ ხელისუფლების ყველაზე დიდი შავი ლაქა იქნება არა მხოლოდ საქართველოს ისტორიაში, არამედ საკუთარი შთამომავლების წინაშე, ისევე როგორც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ გვყოლია არაერთი ქართველი და გვახსოვს არაერთი გვარი, რომელთა შთამომავლები დღესაც ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაში არიან იმის გამო, რასაც წინაპრები აკეთებდნენ“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები