მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა პარლამენტი ცარიელდება - რა შედეგით დასრულდა პოლიტიკური ბოიკოტი სხვადასხვა ქვეყანაში?

ალბანეთის პარლამენტი

ერთპარტიული პარლამენტების ფორმირება და ოპოზიციის მიერ გამოცხადებული ბოიკოტი არაერთი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში გვხვდება. ეს პროცესი, როგორც წესი, დემოკრატიულ სისტემაში კრიზისზე მიუთითებს და ხშირად გამოწვეულია საარჩევნო სისტემისადმი უნდობლობით, არჩევნები გაყალბების ბრალდებით ან მმართველი ძალის ავტორიტარული მიდრეკილებებით. რამდენიმე მაგალითს მიმოვიხილავთ იმ ქვეყნების შესახებ, სადაც მთავრობის არჩევას მისი ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება, მასობრივი პროტესტი და ბოიკოტი მოჰყვა, თუმცა თითოეული მათგანის შემთხვევაში პროცესი განსხვავებული შედეგით დასრულდა.

უკრაინა

2010 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ორი მხარე - პროდასავლელი იულია ტიმოშენკო და რუსეთთან დაახლოების მომხრე - ვიქტორ იანუკოვიჩი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. არჩევნები უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიცია საარჩევნო პროცესში მმართველი პარტიის ჩარევაზე ღიად საუბრობდა, ტიმოშენკო იანუკოვიჩს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებდა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდა. დაიწყო მასობრივი პროტესტი, რომლის მასშტაბიც 2013 წლიდან გაიზარდა, მას შემდეგ რაც იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე უარი თქვა. ოპოზიციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტს, გააქტიურდა "ევრომაიდნის" მოძრაობა და პროცესები საბოლოოდ 2014 წლის იანვარში გადატრიალებით დასრულდა - იანუკოვიჩი გადადგა და ახალი მმართველობა ჩამოყალიბდა.

რუსეთი

2011 წელს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა რუსეთის საპარლამენტო არჩევნებიც. „ЕДИНАЯ РОССИЯ“-მ, იგივე "ერთიანი რუსეთის" პარტიამ, რომელსაც ვლადიმირ პუტინი და დიმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობდნენ, კვლავ მოიგო არჩევნები, თუმცა მის შედეგებს, როგორც სადამკვირვებლო მისიებმა, ისე ოპოზიციურმა პარტიებმა მასობრივი გაყალბების მოტივით ბოიკოტი გამოუცხადეს. ოპოზიციამ არ ცნო პარლამენტის ლეგიტიმაცია და დაიწყო მასშტაბური პროტესტი, თუმცა ამის მიუხედავად 2012 წელს გამართული არჩევნები პუტინის გამარჯვებით დასრულდა, რასაც ოპონენტებზე კიდევ უფრო დიდი წნეხი მოჰყვა. გამწვავდა პოლიტიკური დაძაბულობა და დაიწყო მასობრივი რეპრესიები. შედეგად, ოპოზიციონერი ლიდერების უმრავლესობას და აქტივისტებს ქვეყნის დატოვება მოუწიათ ან მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა.

თურქეთი

მასობრივი პროტესტი მოჰყვა 2015 წელს თურქეთის საპარლამენტო არჩევნებს , რომელშიც რეჯეფ თაიფ ერდოღანის "სამართლიანობისა და განვითარების" პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიციამ ახლად არჩეულ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა და საარჩევნო მანიპულაციისა და გაყალბების მოტივით მისი ლეგიტიმაცია არ ცნო. ფართომასშტაბიანი აქციებისა და გამწვავებული პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად, რასაც ერდოღანის მთავრობის მიერ ოპოზიციონერების დაპატიმრება და მედიაკომპანიების ნაწილის დახურვა მოჰყვა, პროტესტი ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა: ახლად არჩეულმა ხელისუფლებამ ძალაუფლება შეინარჩუნა, ოპოზიციურ პარტიებს კი პარლამენტში შესვლა მოუწიათ.

ალბანეთი

ალბანეთის პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა 2019 წელს, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტი დატოვა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და დაიწყო უწყვეტი პროტესტი. ოპოზიცია არჩევნების წინასწარ გაყალბებაზე საუბრობდა და ხელისუფლებას კორუმპირებულ და ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებდა. თუმცა, ამის მიუხედავად თვითმმართველობის არჩევნები ერთპარტიულად ჩატარდა და ედი რამას მთავრობამ ქვეყანაზე კონტროლი განამტკიცა. ოპოზიცია პარლამენტში 2 წელიწადში, 2021 საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის შედეგად დაბრუნდა. მათ აღიარეს რომ მთელი ეს პროცესი პოლიტიკურად არაეფექტიანი იყო და ცვლილება ვერ მოიტანა, თუ არ ჩავთვლით ოპოზიციის დასუსტებას და მმართველი პარტიის გაძლიერებას. მარტივად რომ ვთქვათ, ალბანეთში ბოიკოტი დემოკრატიული რეფორმების საწყისი ვერ გახდა და ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო გააღრმავა.

ვენესუელა

კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია ვენესუელა, სადაც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, რომელშიც სოციალისტურმა პარტიამ გაიმარჯვა. ოპოზიციამ პარლამენტი არალეგიტიმურად ცნო, რადგან მიაჩნდათ, რომ არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და საუბრობდნენ იმ ზეწოლაზეც, რომელსაც პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მთავრობა მთელ ამ პროცესზე ახორციელებდა. ოპოზიციის მიღმა არჩევნები არც საერთაშორისო თანამეგობრობებმა აღიარეს ლეგიტიმურად, თუმცა ამას მმართველი პარტიისთვის ძალაუფლების განმტკიცებაში ხელი არ შეუშლია. ქვეყანა მოექცა სრულ იზოლაციაში, ვენესუელიდან გავიდნენ უცხოელი ინვესტორები, გაღრმავდა ეკონომიკური კრიზისი, მეტიც ქვეყანა იზოლირებული დარჩა როგორც საერთაშორისო ეკონომიკური ისე პოლიტიკური ურთიერთობებიდან და პროცესი დღემდე გრძელდება.

ბანგლადეში

2014 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ლეგიტიმურობა არც ბანგლადეშის ოპოზიციამ ცნო, მას გაყალბებული უწოდა და ზემოხსენებული მაგალითების მსგავსად ამ შემთხვევაშიც მასობრივი პროტესტი დაიწყო, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა. გაღრმავდა სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური კრიზისი. გაიზარდა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ზეწოლაც, რამაც საბოლოო ჯამში ოპოზიცია პარლამენტში დააბრუნა და პოლიტიკურ პროცესებში ჩართო, თუმცა არჩევნების შედეგები ცხადია უცვლელი დარჩა.

კენია

არც კენიის ოპოზიციამ აღიარა 2017 წელს ქვეყანაში ჩატარებული როგორც საპრეზიდენტო, ასევე საპარლამენტო არჩევნები, მოტივი აქაც ცხადია გაყალბება იყო. პარლამენტში მარტოდ დარჩენილი უმრავლესობა პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაპირობა გახდა, თუმცა მმართველმა პარტიამ მაინც შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მარგინალიზებულ ძალად იქცა. გარდა ამისა, კოალიციურ ოპოზიციას თანდათანობით ჩამოშორდნენ პარტიები და ხელისუფლების ოპონენტები ფაქტობრივად პოლიტიკური სპექტრიდან გაქრნენ. ამასთან, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა თავი მიტოვებულად იგრძნეს, უმრავლესობამ ოპოზიციის ეფექტიანობის რწმენა საერთოდ დაკარგა. საზოგადოების უნდობლობა იმდენად გაიზარდა რომ ოპოზიციამ რეპუტაციის აღდგენა ვერც 2022 წლის არჩევნებისთვის შეძლო, სამაგიეროდ მმართველი პარტიის ძალაუფლება კიდევ უფრო განმტკიცდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები