ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დღეს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები არ შეუშვეს. სააგენტო „აიაშარას“ მთავარი რედაქტორის, ნიზფა არშბას ინფორმაციით, გადაწყვეტილება "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა" მიიღო:
„პარლამენტის პრესსამსახური ხელებს შლის, თითქოს ვერაფერს წყვეტენ. დეპუტატებიც ჩუმად არიან და ამბობენ, რომ ვერაფერს აკეთებენ. არის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინსტრუქცია, რომელიც კრძალავს პარლამენტის სხდომებზე შესვლას“, - წერს ის.
როგორც ჟურნალისტი იზიდა ჭანია წერს, როცა "პარლამენტში" ქართველი დეპუტატები ისხდნენ, მას შენობაში უშვებდნენ, აფხაზები კი არ უშვებენ.
"როდესაც პარლამენტში ქართველები იყვნენ, სასესიო სხდომებზე მიშვებდნენ. დღეს, როდესაც პარლამენტში 90% აფხაზები არიან, პარლამენტში არ მიშვებენ", - წერს ის.