მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როცა შენს მიზნებს უახლოვდები - საქართველოს ბანკის სტიპენდიატი თავისუფალი უნივერსიტეტიდან

სს
13.04.24 18:50
335
სტატიაში საუბარია:

განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკმა მასშტაბური სასტიპენდიო პროგრამა წამოიწყო. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვონ. სტიპენდია უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა მოიპოვა, პროექტში კი 15 უნივერსიტეტია ჩართული და მათი რიცხვი კიდევ იზრდება.

თავისუფალ უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოს ბანკის პარტნიორია, ერთ-ერთი გამარჯვებული სტიპენდიატი ნიკოლოზ ცაგარელი გახდა. ნიკოლოზი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის კურსდამთავრებულია, ამჟამად თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს, წინ კი დიდი გეგმები აქვს.

“ბავშვობიდან მაინტერესებდა სამყაროს შესწავლა და შესაბამისად — ფიზიკა. კომაროვში ჩაბარების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამავდროულად კარგადაც გამომდიოდა ეს საგანი და სკოლის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტში ფიზიკის მიმართულებით ჩაბარებაც გადაწყვეტილი მქონდა, თუმცა ბოლო წლებში აზრი შემეცვალა. ფიზიკის სწავლასთან ერთად მინდოდა, უფრო პრაქტიკული პროფესია შემეძინა, რომლითაც საქართველოშიც შედარებით მეტი შესაძლებლობა მექნებოდა, ამიტომ კომპიუტერულ ინჟინერიის მიმართულებით სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე. სასტიპენდიო კონკურსში გამარჯვებას კარგი აკადემიური მოსწრების გამო ვვარაუდობდი, თუმცა ძალიან მაღალი კონკურენციის გამო არ ვიყავი დარწმუნებული. პირველ რიგში, სტიპენდიის მიღება სასიამოვნოა, რადგან გრძნობ შრომის დაფასებას და იმ ფაქტს, რომ ბევრი გათენებული ღამის შემდეგ შენს მიზნებს უახლოვდები”, — ამბობს ნიკოლოზი.

ცოტა ხნის წინ ნიკოლოზ ცაგარელი ამერიკის რადიო საზოგადოების (URSI) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე — URSI Atlantic Radio Science Meeting-ზე მიიწვიეს. URSI Atlantic Radio Science Meeting კონფერენციაა, რომელზეც ფიზიკის და ინჟინერიის დარგიდან მეცნიერები და მკვლევრები სხვადასხვა თემებზე მოხსენებას კითხულობენ და ერთმანეთს იდეებს უზიარებენ. URSI Atlantic Radio Science Meeting წელს მაისში კანარის კუნძულებზე ჩატარდება, ერთ-ერთი მომხსენებელი კი სწორედ ნიკოლოზია.

“კონფერენციის მონაწილეთა შორის ხდება ცოდნის გაზიარება, სასარგებლო რჩევების მიღება და კოლაბორაციების შექმნა. ამ კონფერენციაზე მეც ვიქნები ერთ-ერთი მომხსენებელი. ეს შესაძლებლობა ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანთან, ბატონ ვახტანგ ჯანდიერთან, მუშაობის შედეგად მომეცა. ჩემი მოხსენება შეეხება კვლევას, რომელსაც ბატონი ვახტანგ ჯანდიერი ატარებდა თავის უცხოელ კოლეგებთან ერთად და რომელშიც მან ჩამრთო. ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა განვვითარდე პროფესიულად, როგორც ინჟინერი, გავწევრიანდე საერთაშორისო ინჟინრულ საზოგადოებაში და გავიცნო სპეციალისტები მთელი მსოფლიოდან, რაც ასევე დიდ დახმარებას გამიწევს სწავლის უცხოეთში გასაგრძელებლად”, — აღნიშნა ნიკოლოზმა.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვებისა და საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის შემდეგ, ნიკოლოზი უკვე უცხოეთში სწავლის გაგრძელებაზეა ორიენტირებული. მონდომებულ და ნიჭიერს სტუდენტებს კი ნიკოლოზი ურჩევს, რომ თითოეული დღე მაქსიმალურად პროდუქტიულად დახარჯონ.

“მომავალში სწავლის გაგრძელებას ამერიკაში ვგეგმავ. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში არცთუ ისე ბევრი რესურსია კომპიუტერულ ინჟინერიის მიმართულებით პროფესიულად გასავითარებლად. ამიტომ მსურს, მაგისტრატურაზე ვისწავლო ამერიკის უნივერსიტეტში და შემდეგ იქაურ ინდუსტრიაში ვიმუშაო, რომელიც წამყვანია მსოფლიოში. ამ ყველაფრის პარალელურად მსურს, ჩემი ცოდნა და გამოცდილება საქართველოსთვის გამოვიყენო. ვფიქრობ, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები საქართველოში, რათა ვასწავლო ეს პროფესია (კომპიუტერული ინჟინერია) და წვლილი შევიტანო ჩვენი ინჟინრული ინდუსტრიის განვითარებაში.

სტუდენტებს ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად ბევრი ეშრომათ და ემუშავათ საკუთარ თავზე. ვფიქრობ, შედეგს საბოლოო ჯამში, საკუთარ თავზე გაწეული სამუშაო განსაზღვრავს. დღეს ყველასთვის იმდენად დიდი ცოდნის რესურსია ხელმისაწვდომი, რომ ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, რესურსების ჩვენს სასიკეთოდ გამოყენებაა. ამიტომ, ყველა სტუდენტს ვურჩევდი, მაქსიმალურად პროდუქტიულად დაეხარჯათ თითოეული დღე და მიეღოთ ცოდნა, რომელიც შედეგს აუცილებლად მოიტანს”, — ამბობს ნიკოლოზი.

დეტალურად რომ გაიგო, რომელ უნივერსიტეტებში შეგიძლია პირველივე წელს მიიღო სწავლის დაფინანსება, შეგიძლია ნახო აქ – სტიპენდია (bankofgeorgia.ge)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები