მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რთულია თქმა, რომ ეს დადგენილება პირდაპირი პრივატიზაციისას კორუფციულ რისკებს შეამცირებს - ქევხიშვილი

სანდრო ქევხიშვილი

თუ ამ დადგენილების მიზანი იყო კორუფციული რისკების შემცირება, ეს დოკუმენტი ამ მიზანს ვერ მიაღწევს - ასე აფასებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებისა და გაცვლის წესის ცვლილებას.

როგორც სანდრო ქევხიშვილი BMG-სთან ამბობს, განხორციელებული ცვლილებები კორუფციის რისკებს არსებითად არ ამცირებს, რადგან მისი თქმით, ახალი წესით, მათ შორის მსხვილი ბიზნესჯგუფები მეტად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩადგებიან.

“თუ ამ დადგენილების მიზანი იყო კორუფციული რისკების შემცირება, ეს დოკუმენტი ამ მიზანს ვერ მიაღწევს და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი ის, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც მთავრობას შეუძლია პირდაპირი წესით გაასხვისოს ქონება, ეს არის თუ საინვესტიციო ვალდებულება არის 100 მილიონ ლარზე მეტი. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების” მთავრობა აღიარებს, რომ სახელმწიფო ქონებაზე ასეთი პრივილეგირებული წვდომა აქვს მხოლოდ საქართველოს მსხვილ ბიზნესჯგუფებს. იმიტომ რომ 100 მილიონიანი ინვესტიციის ჩადების საშუალება საქართველოში ძალიან ცოტა ბიზნესს აქვს. ამიტომ სახელმწიფო რესურსის გამოყენებას ამ გზით ვერ შეძლებენ მცირე და საშუალო ბიზნესები და ისინი ფაქტობრივად გამოითიშნენ ამ პროცესიდან.

ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით პრივატიზაციას და სწორედ ეს გვქონდა პრობლემა, რომ იყო სრული გაუმჭვირვალობა, როგორ ხდება კავშირი ბიზნესჯგუფებსა და მთავრობას შორის და ხომ არ არის აქ კორუფციული ნიშნები. ამაზე გვქონდა საუბარი და ამ დადგენილებით ფაქტობრივად მთავრობა აღიარებს, რომ დიახ, ჩვენ დაველაპარაკებით მსხვილ ბიზნესჯგუფებს. არანაირ გამჭვირვალობას ამ პროცესში არ შემოვიტანთ, იმიტომ რომ ეს დადგენილება ამ ნაწილში საერთოდ არანაირ ცვლილებას არ აკეთებს. ანუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, რა დოკუმენტებია, რა შეხვედრებია, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ იქნება საჯარო. ამიტომ ერთგვარად ლეგალიზებული იქნება პრობლემური კავშირები ბიზნესსა და მთავრობას შორის.”, - განაცხადა სანდრო ქევხიშვილმა.

მისივე თქმით, დადგენილებაში არსებული მთელი რიგი დათქმები საკმაოდ ბუნდოვანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა მაინც შეძლებს სასურველ პირზე სახელმწიფო ქონების არაკონკურენტულ პირობებში, აუქციონის გარეშე გასხვისებას.

“მეორე პრობლემა არის ის, რომ დადგენილებაში ერთ-ერთი მუხლი არის ძალიან ბუნდოვანი. რეალურად, მთავრობის, სახელმწიფო უწყების დასაბუთებული თხოვნის შედეგად საქართველოს მთავრობას შეუძლია პრივატიზაცია გააკეთოს პირდაპირი წესით. ანუ ის 100 მილიონიანი შეზღუდვა, რაც ცალკე პუნქტი არის, არ ნიშნავს იმას, რომ უფრო მცირე ქონებებსა და მცირე ინვესტიციებს არ დაადასტურებს მთავრობა პირდაპირი წესით, თუ ექნება ერთგვარი ფურცელი რომელიმე სამინისტროსგან ან მუნიციპალიტეტისგან, რომელიც ფორმალურად იტყვის, რომ ეს მე მჭირდება. ამიტომ აქ ეს ხვრელიც არის, რომელიც ძალიან ფართოდ არის ჩაწერილი და რეალურად ნებისმიერი პირდაპირი პრივატიზაციის გაყვანა შეიძლება.

და ბოლოს, აქ მთავარი კორუფციის პრევენცია რაც შეიძლება ყოფილიყო და საერთოდ არ არის ნახსენები დადგენილებაში, არის მაგალითად პრივატიზების პროცესში ინტერესთა შეუთავსებლობის რეგულირება. საერთოდ არაფერია ამაზე ნახსენები. პრივატიზების პროცესში მეტი გამჭვირვალობა. ის დოკუმენტები, შეხვედრები თუ პროცედურები, რის შედეგადაც ხდება პრივატიზება, აი ამ პროცედურების და დოკუმენტების საჯაროობა - არაფერია ამაზე ნათქვამი. ამიტომ ზოგადად რთულია იმის თქმა, რომ ეს დადგენილება რაიმე სახით შეამცირებს კორუფციულ რისკებს პირდაპირი პრივატიზაციის პროცესში”, - აღნიშნა სანდრო ქევხიშვილმა.

სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის არსებული პრაქტიკის ცვლილებაზე "ქართული ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პირველად გასული წლის ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკა კორუფციის რისკებს შეიცავდა. 2025 წლის 8 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მისმა კაბინეტმა პრაქტიკულად სრულად უარი თქვა პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზაციაზე და ამ საკითხს კანონის დონეზე სჭირდებოდა მოწესრიგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები