რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 30 აგვისტოსთვის 4 264 ტონა ყურძენია ჩაბარებული. მევენახე ფერმერების შემოსავალი 5.14 მლნ ლარს შეადგენს. ამ ეტაპისათვის დაკრეფილია 1963 ტონა რქაწითელი, 781 ტონა საფერავი და 439 ტონა კახური მწვანე.
რთველი სუბსიდირების გარეშე არც წელს ჩაივლის. თუმცა 35 თეთრიდან 20 თეთრამდე შემცირდა 1 კგ ყურძენზე სახელმწიფო სუბსიდიის მოცულობა. სახელმწიფო სუბსიდია რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძენზე გავრცელდება.
სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ფერმერს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს.