კახეთში 78 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი 6500-მდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. ღვინის სააგენტოს ოფიციალური სტატისტიკით, 12 სექტემბრის მდგომარეობით გადამუშავებული 78 ათასი ტონიდან 35 ათას ტონამდე რქაწითელია, 34 ათას ტონამდე საფერავი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.
ინფორმაციის მიხედვით, ყოველდღიურად მოსავლის გადამუშავების პროცესში 80-მდე კომპანია და მარანია ჩართული. ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა კი, 10 ათას ტონას გადააჭარბა.
2024 წელს, ყურძნის საპროგნოზო მოსავალი რეკორდულ 300 ათას ტონას შეადგენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 420 ღვინის საწარმო, რომელთა ნაწილი უკვე ჩართულია ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში, ნაწილი მომდევნო დღეებში ჩაერთვება.
მიმდინარე წელს რთველის სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდება, ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.