მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუანდა, საქართველო, კოლუმბია - ქვეყნები, რომელიც კარგი შედეგებით გამოირჩევიან რეგულაციების ხარისხის, საჯარო სერვისების სიძლიერისა და სისტემის საერთო ეფექტიანობით

სს
03.10.24 22:57
807

მსოფლიო ბანკმა ბიზნესის მზაობის ანგარიშის პირველი გამოცემა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს სამეწარმეო გარემოს 50 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში და მოიცავს მონაცემთა ფართო ბაზას - 1200 ინდიკატორს თითოეული ქვეყნისთვის, იმ კონკრეტული სფეროების გამოსავლენად, სადაც არსებობს გაუმჯობესებისა და ასევე რეფორმების წახალისების შესაძლებლობა.

ანგარიშის თანახმად, მდიდარი ქვეყნები უფრო მეტად გამოირჩევიან ბიზნესმზაობით, თუმცა აუცილებელი არ არის ქვეყანა მდიდარი იყოს იმისათვის, რომ კარგი სამეწარმეო გარემო ჰქონდეს.

ანალიზი მიუთითებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ასევე შეუძლიათ ბიზნესის ხელშემწყობი ძლიერი გარემოს შექმნა და მაგალითად მოყვანილია რუანდა, საქართველო, კოლუმბია, ვიეტნამი და ნეპალი, რომლებიც კარგი შედეგებით გამოირჩევიან რეგულაციების ხარისხის, საჯარო სერვისების სიძლიერისა და სისტემის საერთო ეფექტიანობის თვალსაზრისით.

რაც შეეხება ანგარიშის მიგნებებს, წელს შეფასებული თითქმის 50-ვე ქვეყანა უკეთეს შედეგებს აჩვენებს მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვის მხრივ ვიდრე საწარმოების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო საჯარო სერვისების მიწოდების მხრივ. რეგულაციების შესრულების მიმართულებით არსებული ხარვეზები კომპანიებს, დასაქმებულებსა და მთლიანად საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას ჯანსაღი ბიზნესგარემოსგან მიიღოს სრული სარგებლი.

ქვეყნებმა 0-დან 100-მდე სკალაზე საშუალოდ 65.5 ქულა დააგროვეს მარეგულირებელი ჩარჩოს ხარისხის მხრივ, რაც ნიშნავს, რომ მათ ამ კატეგორიაში ბიზნესმზაობის მისაღწევად გავლილი აქვთ გზის ორი მესამედი. ხოლო სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით კი მათ მხოლოდ 49.7 ქულა დააგროვეს, რაც ნახევრად მზადყოფნაზე მიუთითებს. ეს ჩამორჩენა შემოსავლების ყველა დონეზე და ყველა რეგიონში არსებობს, თუმცა ის ყველაზე დაბალია მაღალშემოსავლიან ქვეყნებში და უმაღლესია საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

ანგარიში ბიზნესის მზაობის შესახებ ასევე აფასებს ფაქტიურ პირობებს, რომელშიც კომპანიებს უწევთ რეალურად საქმიანობა. ეს პირობები წელს შეფასებული 50 ქვეყნის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ამ ქვეყნებში ადგილობრივი ფირმის რეგისტრაციას სამიდან 80 დღემდე სჭირდება, უცხოური ფირმის რეგისტრაციას კი - 106 დღემდე. ფირმები აღნიშნავენ, რომ თვეში საშუალოდ ოთხჯერ ხდება ელექტროენერგიის გათიშვა, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება 22-იც იყოს. საშუალოდ ორ წელზე ოდნავ მეტი სჭირდება სამეწარმეო დავის გადაწყვეტას სასამართლოში, თუმცა ხანდახან ხანგრძლივობა შეიძლება საკმაოდ დიდი - 5 წელი, ან მცირე, მაგალითად, 105 დღე იყოს.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბიზნესის მზაობის ანგარიშის დაფარვა კიდევ უფრო გაიზრდება მომავალ გამოცემაში, რომელიც 3 წელიწადში გამოქვეყნდება - 2026 წლისთვის ანგარიში 180 ქვეყანას მოიცავს, რითაც უზრუნველყოფს მონაცემთა გლობალურ შესადარისობას.

მსოფლიო ბანკმა ბიზნესის მზაობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც Doing Business-ს ანაცვლებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები