მსოფლიო ბანკმა ბიზნესის მზაობის ანგარიშის (B-READY) პირველი გამოცემა გამოაქვეყნა, რომელიც ბიზნესის წარმოების (Doing Business) ანგარიშს ანაცვლებს. მასში 50 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სამეწარმეო გარემო 1200 ინდიკატორის მიხედვით არის შეფასებული.
ანგარიშის მიხედვით, საქართველო კარგი შედეგებით გამოირჩევა რეგულაციების ხარისხის, საჯარო სერვისების სიძლიერისა და სისტემის საერთო ეფექტიანობის თვალსაზრისით. მსოფლიო ბანკს ანალოგიური შეფასება აქვს ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორებიცაა რუანდა, კოლუმბია, ვიეტნამი და ნეპალი. როგორც მსოფლიო ბანკის ინდიკატორების ჯგუფის დირექტორმა, ნორმან ლოაიზამ განაცხადა, ეს იმის მაგალითია, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ასევე შეუძლიათ ბიზნესის ხელშემწყობი ძლიერი გარემოს შექმნა.
ანგარიშში ინდიკატორების მიხედვით ქვეყნები სამი ძირითადი მიმართულებით ფასდება: მარეგულირებელი ჩარჩო, საჯარო სერვისები და ოპერაციულ ეფექტიანობა. საქართველოს 100 შესაძლო ქულიდან 78 აქვს მარეგულირებელი ჩარჩოს ნაწილში, რითაც მე-3 ადგილს იკავებს უნგრეთის და პორტუგალიის შემდეგ. საქართველოს ოპერაციული ეფექტიანობა 85 ქულითაა შეფასებული, რაც მეორე უმაღლესი ქულაა სინგაპურის შემდეგ, ხოლო საჯარო სერვისები 63 ქულით შეფასდა, რითაც საქართველომ მე-14 ადგილი დაიკავა ქვეყნების ჩამონათვალში.
მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველომ უმაღლესი ქულა შრომის, ბიზნესის მდებარეობისა და დავების გადაწყვეტის ინდიკატორებში მიიღო, ვინაიდან მსოფლიო ბანკის თანახმად, ამ სფეროებში ახორციელებს კარგ პრაქტიკას შრომითი დავების და მიწის დავების გადაჭრის მექანიზმებში და სთავაზობს არსებით სამართლებრივი გარანტიები მედიაციაში.
ამასთან, საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა აქვს საბაზრო კონკურენციის, საგადასახადო და კომუნალური მომსახურების კუთხით.
შეგახსენებთ, 2021 წელს, მსოფლიო ბანკმა Doing Business-ის ინდექსში არსებული გადაცდომების გამო, მისი წარმოება შეწყვიტა. მსოფლიო ბანკის მიერ Doing Business-ის რეიტინგის წარმოების შეწყვეტამდე, საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივით, 190 ქვეყანას შორის მე-7 ადგილს იკავებდა.
Doing Business ერთ-ერთი ინდექსია, რომლითაც საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები თავს ხშირად იწონებდნენ. ბიზნესის მზაობის ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ანგარიშის ერთ-ერთ მიმართულებაში (მარეგულირებელი ჩარჩო) საქართველოს მე-3 პოზიციაზე ყოფნას საერთაშორისო აღიარებად მიიჩნევს და დარწმუნებულია, რომ ეს ინვესტიციებს წაახალისებს.
"მსოფლიო ბანკის რეიტინგში „ბიზნესისთვის მზაობა“ საქართველოს მე-3 პოზიცია მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება და მართლაც ძლიერი მესიჯია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებისთვის, რომ საქართველოში არის ხელსაყრელი გარემო ბიზნესის კეთების კუთხით.
ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პოლიტიკას, რომელიც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული და მოვიზიდავთ მეტი უცხოურ ინვესტიციას ქვეყნის განვითარებისთვის,",- განაცხადა დავითაშვილმა.