მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა ბიზნესის მზაობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც Doing Business-ს ანაცვლებს

ბიზნესის მზაობის ანგარიში

მსოფლიო ბანკმა ბიზნესის მზაობის ანგარიშის პირველი გამოცემა გამოაქვეყნა, რომელიც აფასებს სამეწარმეო გარემოს 50 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში და მოიცავს მონაცემთა ფართო ბაზას - 1200 ინდიკატორს თითოეული ქვეყნისთვის, იმ კონკრეტული სფეროების გამოსავლენად, სადაც არსებობს გაუმჯობესებისა და ასევე რეფორმების წახალისების შესაძლებლობა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბიზნესის მზაობის ანგარიშის დაფარვა კიდევ უფრო გაიზრდება მომავალ გამოცემაში, რომელიც 3 წელიწადში გამოქვეყნდება - 2026 წლისთვის ანგარიში 180 ქვეყანას მოიცავს, რითაც უზრუნველყოფს მონაცემთა გლობალურ შესადარისობას.

მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ ბიზნესის მზაობის ანგარიში, რომლის წინამორბედია ბიზნესის წარმოების - Doing Business ანგარიში, ქვეყნების სამეწარმეო და საინვესტიციო გარემოს შეფასების მიმართ შედარებით უფრო დაბალანსებულ და გამჭვირვალე მიდგომას იყენებს. ეს მიდგომა ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე მსოფლიო ბანკის ჯგუფში და მის ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდა, მთავრობების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და აკადემიური მკვლევარების ჩართულობით.

რაც შეეხება ანგარიშის მიგნებებს, წელს შეფასებული თითქმის 50-ვე ქვეყანა უკეთეს შედეგებს აჩვენებს მარეგულირებელი ჩარჩოს დანერგვის მხრივ ვიდრე საწარმოების შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჭირო საჯარო სერვისების მიწოდების მხრივ. რეგულაციების შესრულების მიმართულებით არსებული ხარვეზები კომპანიებს, დასაქმებულებსა და მთლიანად საზოგადოებას არ აძლევს საშუალებას ჯანსაღი ბიზნესგარემოსგან მიიღოს სრული სარგებლი.

ქვეყნებმა 0-დან 100-მდე სკალაზე საშუალოდ 65.5 ქულა დააგროვეს მარეგულირებელი ჩარჩოს ხარისხის მხრივ, რაც ნიშნავს, რომ მათ ამ კატეგორიაში ბიზნესმზაობის მისაღწევად გავლილი აქვთ გზის ორი მესამედი. ხოლო სახელმწიფო სერვისებთან დაკავშირებით კი მათ მხოლოდ 49.7 ქულა დააგროვეს, რაც ნახევრად მზადყოფნაზე მიუთითებს. ეს ჩამორჩენა შემოსავლების ყველა დონეზე და ყველა რეგიონში არსებობს, თუმცა ის ყველაზე დაბალია მაღალშემოსავლიან ქვეყნებში და უმაღლესია საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში.

“დემოგრაფიის, ვალისა და კონფლიქტების გამო შენელებული ეკონომიკური ზრდის პირობებში პროგრესი მხოლოდ კერძო საწარმოების გამჭრიახობის მეშვეობით იქნება მიღწეული. ეს დამოკიდებულია შესაბამის პირობებზე - საინვესტიციო გარემოზე, რომელიც ხელს უწყობს ე.წ. ეკონომიკურ სასწაულებს, რასაც მეწარმეები ახდენენ, როცა მათ თუნდაც მცირე შესაძლებლობა ეძლევათ. ასეთი სასწაულები დღეს განსაკუთრებით საჭიროა. ანგარიში ბიზნესის მზაობის შესახებ მთავრობებს აწვდის მათთვის აუცილებელ სააზროვნო ინფორმაციას ბიზნესისთვის იმგვარი პირობების შესაქმნელად, რომლებიც ამ უკანასკნელთ მისცემს აქციონერების, მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის კეთილდღეობის შექმნის საშუალებას, პლანეტისთვის ზიანის მიყენების გარეშე,“ - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკური განვითარების მიმართულებით ინდერმით ჯილმა.

როგორც მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, მსოფლიოს მასშტაბით კერძო სექტორი ეკონომიკური ზრდის მძლავრ ინსტრუმენტს წარმოადგენს, მაგრამ მას შესაფერისი გარემო სჭირდება. ბიზნესის მზაობის ანგარიში აფასებს არა მარტო რეგულირების ტვირთს, რომელიც ფირმებს აკისრიათ ბაზარზე შესვლის, ინოვაციებისა და ოპერაციების გაფართოების მიმართულებით (მაგალითად, თუ რა დრო სჭირდება ბიზნესის დაწყებას), არამედ ასევე რეგულაციების ხარისხს. მაგალითად, მოიცავს თუ არა შრომითი რეგულაციები სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს, მოითხოვს თუ არა სამეწარმეო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებული წესები მეწარმეთა ვინაობის ვერიფიკაციას. ბიზნესრეგულაციების გათვალისწინების გარდა, ბიზნესის მზაობის ანგარიში აფასებს მათ შესასრულებლად საჭირო სახელმწიფო სერვისებს. კერძოდ, უადვილებენ თუ არა მთავრობები კომპანიებს გადასახადების გადახდას ონლაინ და ურთიერთდაკავშირებული მექანიზმების შექმნით. უზრუნველყოფენ თუ არა ისინი საჯარო მონაცემთა ბაზებს გამჭვირვალობის მხარდასაჭერად და ამარტივებენ თუ არა კანონმორჩილი საწარმოებისთვის კრედიტის აღებას.

ანგარიში ბიზნესის მზაობის შესახებ ასევე აფასებს ფაქტიურ პირობებს, რომელშიც კომპანიებს უწევთ რეალურად საქმიანობა. ეს პირობები წელს შეფასებული 50 ქვეყნის მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავებულია. ამ ქვეყნებში ადგილობრივი ფირმის რეგისტრაციას სამიდან 80 დღემდე სჭირდება, უცხოური ფირმის რეგისტრაციას კი - 106 დღემდე. ფირმები აღნიშნავენ, რომ თვეში საშუალოდ ოთხჯერ ხდება ელექტროენერგიის გათიშვა, თუმცა ეს რაოდენობა შეიძლება 22-იც იყოს. საშუალოდ ორ წელზე ოდნავ მეტი სჭირდება სამეწარმეო დავის გადაწყვეტას სასამართლოში, თუმცა ხანდახან ხანგრძლივობა შეიძლება საკმაოდ დიდი - 5 წელი, ან მცირე, მაგალითად, 105 დღე იყოს.

საფინანსო ინსტიტუტის თანახმად, ასეთი რაოდენობისა და ხარისხის შესადარისი მონაცემები საწარმოებს ეხმარება გადაწყვეტილებების მიღებაში, თუ როგორ და სად აწარმოონ საქმიანობა. ის მთავრობებს აძლევს ზუსტი დარგობრივი პოლიტიკის უკეთესად ფორმირების საშუალებას, რაც საჭიროა კერძო სექტორის განვითარებისთვის და ხელს უწყობს საწარმოების, დასაქმებულთა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებას.

“მდიდარი ქვეყნები უფრო მეტად გამოირჩევიან ბიზნესმზაობით, თუმცა აუცილებელი არ არის ქვეყანა მდიდარი იყოს იმისათვის, რომ კარგი სამეწარმეო გარემო ჰქონდეს. ჩვენი ანალიზი მიუთითებს, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს ასევე შეუძლიათ ბიზნესის ხელშემწყობი ძლიერი გარემოს შექმნა. მაგალითად, რუანდა, საქართველო, კოლუმბია, ვიეტნამი და ნეპალი კარგი შედეგებით გამოირჩევიან რეგულაციების ხარისხის, საჯარო სერვისების სიძლიერისა და სისტემის საერთო ეფექტიანობის თვალსაზრისით,” - განაცხადა მსოფლიო ბანკის ინდიკატორების ჯგუფის დირექტორმა ნორმან ლოაიზამ.

"გამჭვირვალობა ბიზნესის მზაობის ანგარიშის ძირითადი მახასიათებელია მონაცემთა სისწორის უზრუნველსაყოფად. პროექტის მიერ შეგროვებული სრული ინფორმაცია - ნედლი რეგულარული მონაცემები, ქულები, ისევე როგორც მათ მისაღებად საჭირო გამოთვლები, ახლა საჯაროდაა ხელმისაწვდომი პროექტის ვებგვერდზე. ამასთან ერთად, ანგარიშებში წარმოდგენილი ყველა შედეგი შეიძლება მიღებულ იქნეს ვებგვერდზე ხელმისაწვდომი მარტივი ინსტრუმენტების მეშვეობით",- აღნიშნულია მსოფლიო ბანკის პრესრელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები