რუანდაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. წინასწარი მონაცემებით, მოსახლეობამ ქვეყნის პრეზიდენტობის ხუთწლიანი მანდატი პოლ კაგამეს არგუნა, რომელიც აფრიკულ სახელმწიფოს 2000 წლიდან ხელმძღვანელობს. კაგამემ ხმების 99.15% მიიღო, როცა კონკურენტმა, ფრენკ ჰაბინეზამ და ფილიპ მპაიმანამ ხმების 0.53% და 0.32% მიიღეს. არჩევნებში მონაწილეობა სხვა კანდიდატებსაც სურდათ, რომლებიც სავარაუდოდ, უფრო მეტ ხმას მიიღებდნენ, მაგრამ საარჩევნო კომისიამ ისინი კანდიდატებად არ დაარეგისტრირა. ეს არჩევნები საკმაოდ მაღალი აქტივობით იყო გამორჩეული, რადგან საკუთარი აზრი მოსახლეობის 98%-მა დააფიქსირა.
რუანდას საპრეზიდენტო არჩევნებში დაფიქსირებული შედეგი მოულოდნელი არ არის, რადგან პოლ კაგამემ წინა არჩევნებიც დიდი უპირატესობით, კერძოდ ხმების 98.8%-ით მოიგო. რეალურად, პოლ კაგამე რუანდას 1994 წლიდან ხელმძღვანელობს, როცა ქვეყანაში გენოციდი დასრულდა, მაგრამ ოფიციალურად, პრეზიდენტი ის 2000 წელს გახდა. კაგამეს მხარდამჭერები ამბობენ, რომ მისი მმართველობის დროს ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა, ხოლო ოპოზიციონერები, უმეტესწილად, ქვეყანაში გაუარესებულ სოციალურ პოლიტიკაზე აპელირებენ.
რუანდაში, რომელიც აფრიკის შუაგულში, ეკვატორთან ახლოს მდებარეობს, დაახლოებით 14 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი $11.2 მილიარდია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით დაახლოებით $800-ის ტოლია. ქვეყნის ეკონომიკას რამდენიმე დარგი ამოძრავებს, მათ შორის სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და ტურიზმი. ინფლაცია ქვეყანაში 5%-ის ფარგლებშია, ხოლო უმუშევრობა 17.7%-ის ტოლია.