რუსული რუბლის რეკორდული გაუფასურების შემდეგ, ხილ-ბოსტნეულის რუსი იმპორტიორები პროდუქციის რეგულარული მარაგების აღდგენას აღარ ელიან - ამის შესახებ აგრონომიული გამოცემა East Fruit იტყობინება.
მიმდინარე კვირაში რუსული რუბლი, დოლართან მიმართებით, 10 პროცენტული პუნქტით გაუფასურდა და დოლარზე 114.5 რუბლი შეადგინა. ვარდნის ტემპი კვირის განმავლობაში, სავარაუდოდ, მზარდ ნიშნულზე დარჩება.
"რუსეთის ცენტრალურ ბანკს გადაუდებელი ზომების მიღება მოუწევს, რათა საბანკო სექტორის კოლაფსი თავიდან აირიდოს. ამ ინსტრუმენტებს შორის შეიძლება იყოს დეპოზიტების გაყინვა, მკაცრი ლიმიტი ფულის განაღდებაზე, ვალუტის გაცვლის ოპერაციების შეზღუდვა და ბიზნესებისთვის უცხოური ვალუტის გაყიდვის იძულება", - წერს EF.
რაც შეეხება ხილისა და ბოსტნეულის სექტორს, ადგილობრივი მწარმოებლები მარაგში არსებულ პროდუქციაზე ფასების მკვეთრ ზრდას ელოდებიან. თუმცა რადგან, დაბალი მოსავლიანობისა და უხარისხო წარმოების გამო, არც მარაგებია ბევრი, რუსეთის სუპერმარკეტებში ძირითადად იმპორტული პროდუქცია იყიდება და ფასებიც იმატებს.
განსაკუთრებული პრობლემა სუპერმარკეტთა იმ ქსელებს შეექმნათ, რომლებიც პირდაპირ იმპორტს ახორციელებენ. მათ პროდუქტებზე გადასახადების გადავადება უწევთ, ხილ-ბოსტნეულის გაყიდვებით მიღებული შემოსავალი კი, დოლარში გადაკონვერტირების შემდეგ, შესაძლოა, იმპორტის ხარჯების დასაფარად საკმარისი არც აღმოჩნდეს. შეთანხმებულ ფასად პროდუქციის ყიდვა უჭირთ იმ ქლესებსაც, რომლებიც ადგილობრივი მწარმოებლების მიერ მარაგდებიან.
ამავე დროს, ხილსა და ბოსტნეულზე მოთხოვნა რუსეთში შემცირებულია. მომხმარებლები რუბლის მზარდი გაუფასურების პარალელურად ცდილობენ, ფული საოჯახო ტექნიკაზე, ავტომობილებზე და სხვა ძვირად ღირებულ, გამძლე საგნებზე დახარჯონ, რაც, ხილ-ბოსტნეულისგან განსხვავებით, დიდი ხნით შეინახება.
მოთხოვნასთან ერთად, მიწოდებაც შემცირებულია - ადგილობრივი მწარმოებლები მარაგების გაყიდვისგან თავს იკავებენ და ფასების ზრდას ელოდებიან, იმპორტიორებს კი უკვე დადასტურებული შეკვეთების გაუქმება უწევთ.
ანალიზის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუბლის გაუფასურება დოლართან მიმართებით ამჟამინდელ ნიშნულზე დარჩება, რუსეთში იმპორტული პროდუქცია, უახლოეს მომავალში, 15-20%-ით გაძვირდება, ადგილობრივი წარმოება კი - 10-15%.
აღსანიშნავია ისიც, რომ რუბლის გაუფასურება პრობლემას აჩენს ექსპორტიორ ქვეყნებშიც. თურქეთის სოფლის მეურნეობის წარმოება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ბაზარზე, ისევე როგორც ეგვიპტის.