მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუბლის რეკორდულ გაუფასურებაზე ცენტრალური ბანკი განცხადებას ავრცელებს

62177fcc45483
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 17:04
970
რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების დაწყებას მოსკოვის საფონდო ბირჟაზე პანიკური ვაჭრობა და აქციების ფასის რეკორდული ვარდნა მოჰყვა. ქვეყნის მთავარი - Moex-ის - ინდექსი დღეს 29%-ით დაეცა. შემცირებულია ყველა მსხვილი კომპანიის აქციების ფასი. Bloomberg-ის მონაცემებით, მთლიანობაში საფონდო ბირჟის კაპიტალიზაციამ 250 მილიარდი დოლარით იკლო, რაც რუსული საფონდო ბაზრის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნაა. გაუფასურდა რუსული რუბლი, დოლარის საფასური, რაც გუშინ 80-მდე იყო, დილით 87 რუბლამდე გაიზარდა, ამჟამად კი ერთი დოლარი 85 რუბლი ღირს. მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელიც აცხადებს, რომ საბანკო სექტორს დამატებით ლიკვიდურ აქტივებს მიაწვდის, სავალუტო ბირჟაზე კი მსხვილ ინტერვენციებს განახორციელებს.

“ფინანსურ ბაზარზე ვითარების სტაბილიზაციის მიზნით, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა დაეწყო ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, ასევე განახორციელა ოპერაციები საბანკო სექტორისთვის დამატებითი ლიკვიდობის უზრუნველსაყოფად,”- აცხადებს რუსეთის ცენტრალური ბანკი.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მილიარდი დოლარის ინტერვენციები დახარჯა რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დღეს.

დღეს დილით რუსეთმა უკრაინაში სამხედრო მოქმედებები დაიწყო. რუსულმა ჯარებმა უკრაინის საზღვარი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით გადაკვეთეს, პარალელურად, რუსული ავიაცია ახორციელებდა საჰაერო დარტყმებს მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებით. საჯარისო მოქმედებების დაწყებას უკრაინის პრეზიდენტის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება და საჰაერო სივრცის დახურვა მოყვა. შემდგომ, ბრიფინგზე ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს გაწყვეტს.

აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები