პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოში მაღალტექნოლოგიური კომპანია „სტარლინკის“ შემოსვლა კონკურენციას უფრო გააძლიერებს და ამ სფეროში მომხმარებელს კიდევ უფრო ფართო არჩევანი გაუჩნდება.
„საქართველოში მაღალტექნოლოგიური კომპანია „სტარლინკი“ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მოწოდებას იწყებს. დარწმუნებული ვარ, „სტარლინკის“ შემოსვლა კონკურენციას უფრო გააძლიერებს და ამ სფეროში მომხმარებელს კიდევ უფრო ფართო არჩევანი გაუჩნდება, მიიღოს ხელმისაწვდომი სერვისი და უსაზღვროდ გაიზარდოს ინტერნეტის პენეტრაციის არეალი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, ბევრი ადამიანი ნახავდა რუკას, სადაც ილონ მასკის კომპანია ოპერირებს და დააკვირდებოდა იმასაც, რომ არის ადგილები, რომელიც გამოკვეთილი ფერით ჩანს და არის ჩამქრალი და ჩაბნელებული ტერიტორიები.
„ამ რუკაზე ევროპასთან ერთად საქართველოც ანათებს. მრავლისმეტყველი ფაქტია, და ოპოზიციის წარმომადგენლებიც დამეთანხმებიან, რომ საქართველო აქაც მოწინავე პოზიციაზეა - მთელ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, ევროპის დღევანდელი საზღვრებიდან კავკასიისა და აზიის მიმართულებით, სადაც ეს სერვისი ხელმისაწვდომი გახდა ფართო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, „სტარლინკის“ მაგალითი არ არის შემთხვევითი - "ბიზნესის კეთების სიმარტივისა თუ მთავრობის გამჭვირვალობის მიხედვით და ყველა რეიტინგში საქართველო უცვლელი ლიდერია".
„ეს არის შედეგი იმ პროცესებისა და გარდაქმნების, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ თანმიმდევრულად ახორციელებს ხელისუფლება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.