მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო იყოს ევროპულ გზაზე - რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ოანა ტოიუ

"რუმინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ევროპულ გზაზე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. თუმცა ჩვენ კვლავ სერიოზულად გვაშფოთებს ქვეყანაში დემოკრატიის მიმართულებით მიმდინარე პროცესები", - განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ტოიუმ, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არ უნდა იდევნებოდნენ და არჩევნებს არ უნდა სდევდეს თან რეპრერესიები და დაშინება მასში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მიმართ.

"რუმინეთი არის ქვეყანა, რომელმაც თავის ისტორიაში არაერთხელ გამოსცადა მომენტები, როცა მოქალაქეებმა დაიცვეს როგორც დემოკრატია, ისე კორუფციასთან ბრძოლისა და ევროპული ინტეგრაციის გზა ქუჩის პროტესტების მეშვეობით. ამიტომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, დაცული იყოს გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და თავისუფალი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ამასთანავე, აუცილებელია, რომ არჩევნები ჩატარდეს ისეთ გარემოში, სადაც ოპოზიციური პარტიები და მათი ლიდერები სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებით არ იქნებიან დაშინებული, როგორც ეს დღეს საქართველოში შეინიშნება.

ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან დიალოგს და არსებულ კეთილ ურთიერთობებს, თუმცა აღნიშნული შემაშფოთებელი გარემოებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მათზე რეაგირება აუცილებელია, რათა ქვეყანამ შეძლოს დაბრუნება ევროკავშირის გზაზე, თუ ეს მისი მოქალაქეების ნებაა", - განაცხადა ოანა ტოიუმ.

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. განსახილველ საკითხთა შორის საქართველოში არსებული მდგომარეობაც იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები