მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსების/ბელარუსების უმრავლესობას ქვეყანა 1 თვის მერეც არ დაუტოვებია, მათი ვიზიტები ტურისტული ვერ იქნება - IDFI

63188413de5f3
მარიამ ვარადაშვილი
07.09.22 17:15
836
მიმდინარე წლის მარტ-ივნისში საქართველოში დარჩა [შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა], რუსეთის 49 505 და ბელარუსის 15 237 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის [IDFI] მიერ მომზადებულ კვლევაში წერია.

მათივე ცნობით, 2022 წლის 25 თებერვლიდან 30 ივნისამდე შემოსული პირებიდან, მინიმუმ ერთი თვის დაყოვნების შემდეგ [31 ივლისის მდგომარეობით], ქვეყანა კვლავ არ დაუტოვებია რუსეთის 42 577 მოქალაქეს.

მიმდინარე წლის მარტ-ივნისში 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საქართველოში დარჩა [შემომსვლელთა და გამსვლელთა სხვაობა] რუსეთის 16 476-ით მეტი მოქალაქე, ხოლო ბელარუსის 11 531-ით მეტი მოქალაქე.

“რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების საქართველოში დარჩენის მაჩვენებლები (2022 წლის მარტი-ივნისში საქართველოში დარჩა 65 ათასამდე რუსეთის და ბელარუსიის მოქალაქე). ამასთან, მათ უმრავლესობას ქვეყანა არ დაუტოვებია მინიმუმ 1 თვის დაყოვნების შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული პირების ვიზიტების ტურისტულ მიზნებთან კავშირი ნაკლებად სავარაუდოა”,-წერია კვლვაში.

IDFI-ის თანახმად, 2019 წლის მარტთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილია საქართველოში შემომსვლელთა ბელარუსიის მოქალაქეების რიცხვი. მაგალითად, 2022 წლის მარტში, 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, ბელარუსიის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაჩვნებელი 155%-ით გაიზარდა, უკრაინის მოქალაქეების 1%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთის მოქალაქეების 56%-ით შემცირდა.

2019 წლის მარტი-ივნისის პერიოდში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის მაღალი მაჩვენებელი, სავარაუდოდ განპირობებული იყო საქართველოსადმი მაღალი ტურისტული ინტერესით, რასაც ხელს უწყობდა საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების არსებობა.

2019 წლის 21 ივნისს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების („გავრილოვის ღამე”) საპასუხოდ, რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები აკრძალა, რაც თავის მხრივ აისახა ქვეყნაში შემომსვლელთა მაჩვენებელზე. შესაბამისად, 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების ვიზიტების მაჩვენებლის შემცირება, სხვა მახასიათებლების ანალიზის გარეშე (ვიზიტის მიზნები, ქვეყანაში დარჩენა და ა.შ), ვერ ჩაითვლება ამ კუთხით არსებული საფრთხეების შემცირების ინდიკატორად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები