მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები სამ ავიაკომპანიას სურს - ლევან დავითაშვილი

6462279ecb0d5
ინგა მურუსიძე
15.05.23 16:33
824
რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები სამ ავიაკომპანიას სურს, - ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გააჟღერა. გარდა ამისა, დავითაშვილის ინფორმაციით, ფრენები სურთ როგორც თბილისის, ისე ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებში.

„სამი კომპანიის განაცხადია შემოსული, მაგრამ ჩვენ ვსწავლობთ დოკუმენტებს და გადაწყვეტილებას მივიღებთ უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე. ალბათ ხვალ უნდა ველოდოთ, რომ ჩვენი მხრიდან გადაწყვეტილება იქნება მიღებული. როგორც კომპანიების, ისე ბორტების სანქცირების საკითხი იქნება გათვალისწინებული და ისე მიეცემათ ფრენის უფლება რუსულ კომპანიებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მსჯელობა მიმდინარეობს ICAO-ს სტანდარტებით.

„ICAO-ს სტანდარტები კი გულისხმობს წარმოების სტანდარტების შესაბამისობას. რაც შეეხება ქართული ავიაკომპანიის სანქცირების საკითხებს, ქართული ავიაკომპანიები იყენებენ წამყვანი ავიაკომპანიების ბორტებს, ავიაგადაზიდავებში, ბოინგი, ემბრაერები და სხვა ბრენდები. მათი ტექნიკური შემოწმება სრულად ხდება ICAO-ს სტანდარტებით. ქართულ კომპანიების შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით კითხვები არ ისმის“, - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა საქართველოსთვის დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა.

ავიაემბარგოს გაუქმების გადაწყვეტილების თანახმად, პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები