მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე საუდის არაბეთში ისაუბრებენ

შეთანხმება

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება ის მთავარი დაპირება იყო, რომელიც დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გასცა. დონალდ ტრამპი ამბობდა, რომ ომს პრეზიდენტად გამოცხადებიდან ერთ დღეში დაასრულებდა, მაგრამ ეს ვერ შედგა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები მხოლოდ ახლა იწყება.

ოცდამეერთე საუკუნის ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მხარეებმა ახლო აღმოსავლეთის უმდიდრესი ქვეყანა შეარჩიეს, რომლის პარტნიორებში ვხვდებით, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ასევე რუსეთის ფედერაციას. ეს ქვეყანა საუდის არაბეთია, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, უფლისწული მუჰამედ ბინ-სალმანი მართავს. ომში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლები ერ-რიადში ამ კვირაში შეიკრიბებიან.

თუმცა იმისთვის, რომ შეხვედრამ გაამართლოს, მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინაც უნდა იყოს, რაც, როგორც ჩანს, ჯერჯერობით, არ გადაწყვეტილა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეიდი ვენსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საუდის არაბეთში უკრაინა არავის დაუპატიჟებია, ხოლო მოლაპარაკებები, სადაც უკრაინა არ იქნება წარმოდგენილი, კანონიერი ძალის მქონედ ვერ ჩაითვლება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. ამერიკის მხარეს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალურ საკითხებში თეთრი სახლის ელჩი, სტივ უიტკოფი იქნებიან. რუსეთის ფედერაციის მხრიდან ერ-რიადში საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი, იური უშაკოვი გაემგზავრნენ.

არსებობს მოსაზრება, რომ მხარეები ამ ფორმატში დეტალებზე იმსჯელებენ და მთავარი შეხვედრის ადგილს და თარიღს შეათანხმებენ, სადაც, მოგვიანებით, აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება და სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდება. დადასტურებულად ვიცით ისიც, რომ ევროპის კონტინენტზე მიმდინარე ომის მოლაპარაკებებში ევროკავშირი არ ჩაერთვება. თავად დონალდ ტრამპი მის უკრაინელ და რუს კოლეგებს ტელეფონით უკვე ესაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები