იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მართალია რუსეთი აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას მაინც რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ეკისრება და საქართველო აქტიურად არის ჩართული კომიტეტის საქმიანობაში იმისთვის, რომ საქართველოზე მიღებული გადაწყვეტილებები აღსრულდეს.
დღეს, 14 ოქტომბერს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV) განგრძობადი ოკუპაციის კომპენსაციის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს.




























