მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი დღეიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე კვოტებს აწესებს

6257daa6a74d1
ვიქტორია მღებრიშვილი
15.04.22 09:40
1724
დღეიდან, 15 აპრილიდან, რუსეთი მზესუმზირის ზეთსა და შროტზე ექსპორტისას კვოტირების მექანიზმს აამოქმედებს.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მზესუმზირის ზეთის საექსპორტო კვოტა 1.5 მლნ ტონას შეადგენს, ხოლო შროტის 700 ათას ტონას. კვოტირების მექანიზმი აქტიური 2022 წლის 31 აგვისტომდე იქნება.

Interfax-ის ცნობით, რუსეთიდან ზეთის ექსპორტის კვოტები 54 ექსპორტიორ კომპანიაზეა განაწილებული; შროტზე კი 21 კომპანიაზე.

კვოტების დიდი წილი ერგოთ მზესუმზირის ზეთის ექსპორტიორ კომპანიებს „ეფკოს“ – 239.7 ათასი ტონა, „ასტონ“ – 178.7 ათასი ტონა, „რუსაგროს“ – 137.4 ტონა; „კარგილს“ – 135.6 ათასი ტონა და „იუგ რუსის“ – 133.1 ათასი ტონა.

გავრცელებული ინფორმაციით, მზესუმზირის ზეთსა და შროტზე საექსპორტო კვოტები საერთაშორისო ბაზარზე ზეთზე ფასების სწრაფი ზრდიდან გამომდინარე წესდება, რამაც რუსულ პროდუქტზე მოთხოვნის ზრდა გამოიწვია. ექსპორტის შეზღუდვა რუსეთის შიდა ბაზრის დაცვისთვის ამოქმედდა.

ცნობისთვის, საქართველომ 2021 წელს 48.3 მლნ დოლარის ღირებულების 32 570 ტონა მზესუმზირის ზეთის იმპორტი განახორციელა. აქედან რუსეთიდან იმპორტირებული 28 350 ტონა ზეთის ღირებულებამ 41.6 მლნ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნია ისიც, რომ 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ზეთის იმპორტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 46.9%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის 2 თვეში საქართველომ სულ 2.9 მლნ დოლარის 1 914 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა. (2021 წლის იანვარ-თებერვალი - 5.6 მლნ დოლარი, 4 210 ტონა). ამ შემთხვევაშიც მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია (2.2 მლნ დოლარი, 1 469 ტონა).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები