მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთი დღის წესრიგს ვეღარ შეგვიცვლის! ჩვენი ხმა ევროპას!“ - პრეზიდენტი, ხვალ, ღონისძიებას აანონსებს

პრეზიდენტი

„ჩვენი ხმა ევროპას“ - საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანის სასახლესთან შეკრება დააანონსა. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც თქვა, რომ ღონისძიება ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება.

„არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის, გატაცების, ჩვენსავე ტერიტორიაზე. ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, საუკუნეების მანძილზე ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, ვითომ ჩვენი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, ეს არის მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში, ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არ ვუყურებთ, არ გვჯერა სხვა პერსპექტივის და გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს მომავალი რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე, ვინმეს შეიძლება თუ არა კიდევ სჯეროდეს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან.

ჩვენი მომავალი არის ჩვენს პარტნიორებთან ერთად - ევროპაში. ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, და ვგეგმავდით ხვალ, 8 საათზე (20 საათზე) დიდ ღონისძიებას, არა ჯერ ზეიმისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ დავიწყოთ ხელმოწერების კამპანია. ვგეგმავდით კონცერტის გამართვას. ხვალ იქნება დიდი მობილიზაციის საწყისი, თუმცა მომხდარის გამო, შევცვალეთ ღონისძიების სახე, არ იქნება კონცერტი, მაგრამ არ შეცვლილა ღონისძიების არსი. ხვალ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ჩვენი ადგილი არ არის რუსეთში, ევროპაში ვაგზავნით ჩვენს ხმას, შენს ხმას... არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ ხელმოწერების კამპანიას - რუსეთი დღის წესრიგს ვეღარ შეგვიცვლის, ჩვენი ხმა ევროპას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, ხვალ ევროკომისია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით თავის დასკვნას წარადგენს.