რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნიდან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ სახელმწიფოებში, აგრეთვე აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში ₽1 მილიონზე ($11 ათასზე) მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალა. საკანონმდებლო აქტების პორტალზე გამოქვეყნებული დოკუმენტი ხელმოწერისთანავე, 29 სექტემბერს ამოქმედდა.
პრეზიდენტის დადგენილებით, რუსეთის მთავრობამ ცენტრალურ ბანკთან ერთად საზღვარგარეთ გატანილი თანხის აღრიცხვის წესიც უნდა განსაზღვროს და სამი თვის ვადაში დაამტკიცოს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაწესებული შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს ₽1 მილიონზე ($11 ათასზე) გადაჭარბებული თანხა ჩამოერთმევათ. იურიდიულ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს კი სახელმწიფო მთლიან ნაღდ თანხას ჩამოართმევს. ცალკეულ საერთაშორისო აეროპორტებში თანხის გატანა მხოლოდ ანგარიშიდან თანხის სრულად მოხსნის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტაციის საფუძველზე დაიშვება.
საყურადღებო ფაქტია, რომ სპეციალური რეჟიმი საერთაშორისო გადაზიდვებით დაკავებულ კომპანიებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე დიპლომატიური მისიების საქმიანობის უზრუნველყოფაზეც ვრცელდება.
ცნობისთვის, მანამდე მოქმედი №193 ბრძანებულება ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში ცენტრალური ბანკის კურსით $100 ათასზე მეტი ღირებულების ნაღდი თანხისა და 100 გრამზე მძიმე რაფინირებული ოქროს ზოდების გატანას კრძალავდა.
























