მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთი, ინდოეთი... - ვინ ფლობს ბინადრობის ყველაზე მეტ ნებართვას საქართველოში?

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ქვეყანაში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ დეტალური სტატისტიკა წარადგინა. მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვით 107 307 უცხოელი სარგებლობს.

საყოველთაო აღწერის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში სულ 257 000-მდე უცხოელი ცხოვრობს (ლეგალი და არალეგალი მიგრანტების ჩათვლით), რომელთა 70%-ზე მეტი პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ევროკავშირის, აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეები არიან.

რეიტინგის სათავეში რუსეთის ფედერაციაა, რომელსაც ინდოეთი და აზერბაიჯანი მოჰყვება.

„დავაზუსტებ იმთავითვე, რომ საქართველოში ყოფნის ერთ-ერთი საფუძველია ბინადრობის ნებართვა და მოგვიანებით შევეხები საქართველოში ყოფნის სხვა საფუძვლებსაც. რაც შეეხება სტატისტიკას, უშუალოდ ბინადრობის ნებართვის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან 29,9 პროცენტი, 32 129 ადამიანი. აქ მინდა დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები. ჩვენ ჩავხედეთ საზღვრის კვეთის სტატისტიკას და გავარკვიეთ, რომ ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%. რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან რეალურად ქართველები, ეს არის ის სტატისტიკა, რომელსაც გვიჩვენებს ჩვენ საზღვრის კვეთის მონაცემები. მეორე ადგილზეა ინდოეთი 23 930 პირზე არის გაცემული ბინადრობის ნებართვა და მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოში. მესამე ადგილზეა აზერბაიჯანი 6,3 პროცენტი, აქაც უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა არიან საქართველოდან გასული აზერბაიჯანელები, რომლებიც ფლობენ დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეობას და დაბრუნებული არიან საქართველოში. რაც შეეხება უკრაინას, 5,9 პროცენტი, 6 290 ადამიანია ასეთი, თუმცა დამატებით ბინადრობის ნებართვის გარეშე ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის რეალური სტატუსით საქართველოში ცხოვრობს დამატებით 25 000 უკრაინელი. მთლიანობაში საქართველოში უკრაინელების რაოდენობა არის 30 000-მდე, საიდანაც 6 290 აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 000-მდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა. სომხეთი 4,8 პროცენტი, 5 000-ზე მეტი ადამიანია, აქაც ჩვენი ვარაუდით, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გავიდნენ საქართველოდან, მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა და შემდეგ დაბრუნდნენ ისევ საქართველოში. ბელარუსი 3 738 პირს აქვს მინიჭებული ბინადრობის ნებართვა. თურქეთი არის 3,4 პროცენტი 3 645 პირი, ირანი - 3,1 პროცენტი 3 331 ირანის მოქალაქეს აქვს მინიჭებული საქართველოში ბინადრობის ნებართვა. სუდანი 2%, ესენი არიან მთლიანად სტუდენტები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით სწავლობენ საქართველოში. ჩინეთი - 1,9 პროცენტი, 2000-ზე მეტი ჩინეთის მოქალაქეა, ესენი არიან ძირითადად სამუშაო ძალა, რომლებიც არსებითად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებული. იორდანია 1,9 პროცენტი, 2000-ზე მეტი იორდანიის მოქალაქეა საქართველოში. მათი უდიდესი უმრავლესობა არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. პაკისტანი - 1,5%, 1618 არის რაოდენობა და ისინიც მთლიანად არიან სამედიცინო მიმართულების სტუდენტები. ანალოგიურად ეგვიპტე - 1,2 პროცენტი, 1341, აქაც თითქმის ყველა არის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. აშშ - 1 პროცენტი, 1000 პირზე მეტი არის ასეთი. უკეთესი არის საერთო სტატისტიკა, რასაც ჩვენ ვადგენთ ბინადრობის ნებართვის გაცემის მაჩვენებლებიდან გამომდინარე. მთლიანობაში ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 107 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები