რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2026 წლის ბოლომდე ხორბლის, ქერისა და სიმინდის ექსპორტზე დაწესებული „მცურავი“ საბაჟო გადასახადის გაუქმებას გეგმავს. აღნიშნული ინიციატივის შემუშავება აზოვი-შავი ზღვის აუზის საზღვაო პორტებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის გატანასთან დაკავშირებული რთული ვითარების გათვალისწინებით დაიწყო. რუსული მარცვლეულის მიწოდების 70%-ზე მეტრი საზღვაო გზით გადაზიდვებზე მოდის. ამის შესახებ „ვედომოსტი“ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ვითარების გამწვავებამ ხორბალზე მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვია. საექსპორტო გარიგებები მაღალ ფასებში იდება, თუმცა მარცვლეულის რეალიზება აზოვი-შავი ზღვის აუზში ნაოსნობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გართულებულია, განაცხადა ასოციაცია „ნაროდნი ფერმერის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბაბკენ ისპირინმა.
მისი თქმით, პირველ რიგში მარცვლეულის, განსაკუთრებით კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში, ასევე როსტოვის ოლქში ხორბლის მწარმოებლებს შეეხოთ.
რუსული გამოცემის ინფორმაციით, ეს რეგიონები ექსპორტზე არიან ორიენტირებულნი და ჯამში 25 მლნ ტონამდე მარცვლეულს აწარმოებენ - საერთო მოცულობის დაახლოებით ნახევარს.
ანალიტიკური ცენტრ „რუსაგროტრანსის“ მონაცემებით, 11–18 აგვისტოს სამხრეთში 4-ე კლასის ხორბლის მწარმოებელთა ფასები მკვეთრად, 2.2 ათასი რუბლით/ტონაზე შემცირდა და 8.9–10 ათასი რუბლი/ტონა შეადგინა. კრასნოდარის მხარეში ხორბლის ფასი (მეურნეობიდან დატვირთვის პირობით) 9 ათას რუბლზე/ტონაზე დაბლა დაეცა, დააზუსტა „ნაროდნი ფერმერის“ თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ იუროვმა.
Agro and Food Communications-ის გენერალური დირექტორის, ილია ბერეზნიუკის აზრით, საბაჟო გადასახადის გაუქმებამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს არსებული სტრუქტურული დისბალანსის შერბილებას (მიწოდების სიჭარბე შეფერხებული ექსპორტის ფონზე) და დადებითი გავლენა იქონიოს აგრარულების ფისკალურ ტვირთზე.
2026 წლის ივლისში აზოვ-დონის არხში ნაოსნობა აზოვის ზღვაში გემებზე საჰაერო თავდასხმების შემდეგ დროებით შეიზღუდა. არხში ჩარჩნენ გემები, რომლებიც მათ შორის საექსპორტო მარცვლეულით იყვნენ დატვირთულნი. აზოვის ზღვაში ნავიგაციის შეზღუდვამ მოსავლის აღების პერიოდში მარცვლეულის ექსპორტი გაართულა. ასე მაგალითად, 2026 წლის ივლისის პირველ ნახევარში პორტებმა 1–1.5 მლნ ტონა აგროპროდუქციის ექსპორტი განახორციელეს, მაშინ როცა თვიური ნორმა 3 მლნ ტონას შეადგენდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, საზღვაო გემებზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმებთან დაკავშირებული დაძაბული ვითარების გამო აზოვის ზღვის აკვატორიაში გადაზიდვების კოორდინაციისთვის აგვისტოს დასაწყისში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში ოპერატიული შტაბი შეიქმნა.
მედიის ცნობით, ოპერატიული შტაბი ალტერნატიული ლოგისტიკური მარშრუტების ძიებითა და ტვირთნაკადების სხვადასხვა სახეობის ტრანსპორტს შორის გადანაწილებით დაკავდება, რათა ტვირთების მიწოდება დროულად და სრული მოცულობით მოხდეს. აზოვ-შავი ზღვის აუზში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მიმართულია საზღვაო გემების დაცვისა და უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფისკენ.
რუსული მედია წერს, რომ ხელისუფლება აგრომეწარმეთა მხარდაჭერის სხვა ზომებსაც ამუშავებს. 2026 წლის 10 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ექსპორტზე მიმართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის რკინიგზით გადაზიდვების მხარდასაჭერად დაახლოებით 10 მლრდ რუბლის გამოყოფის შესახებ განკარგულებას ამზადებს.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელია. წელს, იანვარ-ივლისში, ქვეყანაში ჯამში 53 მილიონ 666 ათასი დოლარის ღირებულების 209 408 ტონა ხორბალი და მესლინი შემოვიდა, საიდანაც 93.5% რუსულ ხორბალზე მოდის.
წლის ამ პერიოდისთვის ხორბლის შესყიდვები შემცირებულია, თუმცა კლება ყაზახური ხორბლის იმპორტის შემცირებით არის განპირობებული.
აღსანიშნია, რომ რუსეთიდან ხორბლის ექსპორტის გადასახადი 26 აგვისტოდან ტონაზე 1 ათას 012.1 რუბლს შეადგენს. ამრიგად, 25 აგვისტომდე მოქმედ ტარიფთან (721.1 რუბლი ტონაზე) შედარებით იგი 1.4-ჯერ გაიზარდა.
ქერის ექსპორტის გადასახადი ნულოვან ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო სიმინდის 607.3 რუბლამდე (მანამდე არსებული 285 რუბლიდან ტონაზე) გაიზარდა.
ეს ტარიფები ძალაში იქნება 1 სექტემბრის ჩათვლით.




























