საქართველოდან ბელარუსში ამერიკიდან შემოყვანილი ექსპორტი და რეექსპორტი 1-ელი აგვისტოდან აიკრძალა, ხოლო ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი კი 26 სექტემბრიდან აიკრძალება, - ამის შესახებ bm.ge-ის ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განუცხადეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება სანქციების უახლესი პაკეტის ძალაში შესვლას უკავშირდება. ანალოგიური აკრძალვა მოქმედებს რუსეთის ფედერაციის მიმართულებითაც.
“კავკასიის ავტო იმპორტის” გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სანდრო ბიწაძემ, საქართველოდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით Bm.ge-სთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, რუსეთში და ბელარუსში ავტომობილების ექსპორტის აკრძალვა, საქართველოში დიდ ცვლილებებს არ გამოიწვევს, რადგან იქ გაყიდული ავტომობილების წილი ქართული ბაზრის მხოლოდ 5.5%-ია. სანდრო ბიწაძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ვერცერთი გზით ვერ ხდება ავტომობილის შეყვანა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი დარჩა “ლადას” და “ნივას” ანაბარა.
“რუსეთიდან მოთხოვნა ავტომობილებზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაზრდილი იყო, თუმცა ახლა საქართველოდან, რუსეთში გასული ავტომობილების წილი 5.5%-მდეა, რაც ნიშნავს, რომ ქართული გასაყიდი ავტომობილების რაოდენობიდან ბაზრის დიდი წილი არ უკავია და ბაზარს დიდ დარტყმას ვერ მიაყენებს. ამ დროისთვის რუსეთში ვერცერთი გზით ვერ ხდება ნაწილი ავტომობილების შეყვანა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი დარჩა “ლადას” და “ნივას” ანაბარა”, - ამბობს სანდრო ბიწაძე.
ინფორმაციისთვის, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყნიდან 990 მილიონი დოლარის, 51 ათასი ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. მათ შორის უშუალოდ რუსეთში 53 მილიონი დოლარის ღირებულების 3.800 მანქანა გავიდა ექსპორტზე. რუსეთში გასული მანქანების საშუალო ფასი წელს 14 ათას დოლარს შეადგენდა.