რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ბელარუსის ეკონომიკა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, რაც სამხედრო აგრესიაში ჩართულობის გამო, დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესებით არის განპირობებული. ქვეყანა არაერთ პრობლემას აწყდება, მათ შორის: ეროვნული ვალუტის გაუფასურებას, მაღალ ინფლაციას და საერთაშორისო იზოლაციას.
მშპ-ის ზრდა
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024 წელს ბელარუსის ეკონომიკა მხოლოდ 1.5%-ით გაიზრდება, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის შეფასებით, ზრდა 1%-ზე დაბალი იქნება. ასეთი დაბალი ზრდა ძირითადად საერთაშორისო სანქციებითაა განპირობებული. ბელარუსის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ამჟამად დაახლოებით 73 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც, ქვეყნის ზომის და რესურსების გათვალისწინებით, უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია და მას რეგიონში ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოდ აქცევს.
ინფლაცია
ბელარუსის ინფლაციის დონე ოფიციალური მონაცემებით 16%-ს აღწევს, თუმცა ზოგიერთი დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ რეალური მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მეტია. ხელისუფლების პროგნოზით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოს 12%-მდე შემცირდება, თუმცა ფასების ზრდის ტემპი ცხოვრების დონის დამძიმებას მაინც განაგრძობს.
რეფინანსირების განაკვეთი
ინფლაციის კონტროლის მიზნით, ბელარუსის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 17%-მდე გაზარდა. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ვალუტის სტაბილიზაციას და საბაზრო ბალანსის აღდგენას. თუმცა, მაღალი განაკვეთი სესხების მიღებას ართულებს და ეკონომიკურ აქტივობას ამცირებს. ბიზნეს სექტორი ხშირად აკრიტიკებს ამ პოლიტიკას, რადგან ქვეყანაში კაპიტალი ზედმეტად ძვირია, უცხოურ ინვესტიციებთან წვდომა კი ბელარუსში მყოფ ბიზნესებს უბრალოდ არ აქვთ.
უმუშევრობის დონე
ოფიციალური მონაცემებით, ბელარუსში უმუშევრობის დონე 4%-ს შეადგენს, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები აღნიშნავენ, რომ რეალური მაჩვენებელი შესაძლოა 10%-ზე მეტი იყოს. ამასთან, ბევრი მოქალაქე ემიგრაციაშია სამუშაოს საძებნელად, რაც ქვეყანაში შრომის ბაზრის სტრუქტურულ პრობლემებს ავლენს.
ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი
ბელარუსული რუბლი მკვეთრად უფასურდება, რაც საერთაშორისო სანქციების ფონზე ლოგიკური და მოსალოდნელია. ერთი ამერიკული დოლარის კურსი 3.5 ბელარუსულ რუბლს აჭარბებს, რაც ეროვნული ვალუტის ისტორიულად სუსტ მაჩვენებელზე მიუთითებს. ბუნებრივია, ვალუტის გაუფასურება იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდას და მოსახლეობის რეალური შემოსავლების შემცირებას იწვევს.
სიღარიბის დონე
ბელარუსში სიღარიბის ზღვარზე მოსახლეობის 20%-ზე მეტი იმყოფება. მაღალი ინფლაციისა და დაბალი ხელფასების ფონზე, საშუალო მოქალაქისთვის ეკონომიკური მდგომარეობა დროსთან ერთად მძიმდება. მართალია, სახელმწიფო ამ პრობლემის გადაჭრას სუბსიდიებით ცდილობს, თუმცა უშედეგოდ, რადგან ბელარუსში არსებული ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც დიქტატორი ლუკაშენკოა, ისევ მოუგვარებელია.