რუსეთის საბაჟო და სატარიფო რეგულირების ქვეკომიტეტმა შიდა ბაზრის დასაცავად და პროდუქციის მიწოდების გაფართოების მიზნით, რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ძირითადი მარცვლეულის ექსპორტზე კვოტა დაწესდება. საუბარია ხორბალზე, ქერზე, სიმინდზე, ჭვავზე. კვოტა 24 მლნ ტონაა. ის ძალაში 2024 წლის 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით იქნება.
ამასთან, პირველი დეკემბრიდან 2024 წლის 31 მაისამდე რუსეთიდან მაგარი ხორბლის ექსპორტი აიკრძალება.
მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, 2024 წლიდან მარცვლეულის ექსპორტის სატარიფო კვოტა ძირითად და დამატებით ნაწილად დაიყოფა. გადაწყვეტილება საექსპორტო კვოტების მექანიზმის ოპტიმიზაციას და კვოტების მოცულობების მაქსიმალურად ათვისებას ითვალისწინებს.
რუსულ მედიასთან საუბრისას, მარცვლეულის ბაზრის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ შემოთავაზებული კვოტის ზომა ქვეყნის მარცვლეულის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას შეესაბამება და მიმდინარე სეზონის საექსპორტო პოტენციალს ასახავს.