რუსეთმა გაეროსთან არსებული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრის სტატუსი კვლავ ვერ მოიპოვა. ამ სიახლეს წინ უძღოდა ორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული არჩევნები, რომლის დროსაც რუსეთმა სხვა წევრი ქვეყნებისაგან საკმარისი მხარდაჭერის მიღება ვეღარ შეძლო. აღსანიშნავია, რომ რუსეთი იყო წარდგენილ 10 კანდიდატ სახელმწიფოს შორის ერთადერთი, რომელმაც წარმატებას ვერ მიაღწია. აქვე უნდა ითქვას, რომ სტატუსი ქვეყანამ პირველად 2023 წელს დაკარგა.
ორგანიზაციაში ჩატარებულ არჩევნებს უკვე გამოეხმაურნენ კრემლში. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ ხმის მიცემის პროცესი პოლიტიზებული და უსამართლო იყო და დამდგარი შედეგი პირდაპირ კავშირშია დასავლური სახელმწიფოების მტრულ პოლიტიკასთან რუსეთის მიმართ. აღსანიშნავია, რომ მმართველ საბჭოში სკამის მოპოვება უკრაინულ მხარეს არ უცდია, თუმცა არჩევნებში მონაწილე ქვეყნებს მოუწოდა, ხელი შეეშალათ რუსეთის პოზიციების აღდგენისთვის. მათი თქმით, ქვეყანას, რომელიც მეზობელი სახელმწიფოს პორტებსა და საზღვაო ინფრასტრუქტურას ანადგურებს, არ აქვს უფლება განსაზღვრავდეს საერთაშორისო საზღვაო პოლიტიკას.
ცნობისთვის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია 1948 წელს, გაეროს შექმნიდან მალევე დაფუძნდა. მისი ამჟამინდელი სათავო ოფისი ლონდონში მდებარეობს და აერთიანებს 176 სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთს, რომელიც საბჭოთა კავშირის სახელით ორგანიზაციას 1958 წელს შეუერთდა და მმართველი საბჭოს წევრის სტატუსს 2023 წლის არჩევნებამდე ინარჩუნებდა. მას შემდეგ, ქვეყანამ პოზიციების აღდგენა ვერ მოახერხა.




























