რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ნავთობპროდუქტების შესაძლო იმპორტის თაობაზე რამდენიმე უცხოურ პარტნიორთან აქტიურ კონტაქტებს ამყარებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს.
მართალია, პესკოვმა კონკრეტული სახელმწიფოების დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ საზღვარგარეთიდან საწვავის შესყიდვა ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და მისაღებ ფასებზე შეთანხმებაზე იქნება დამოკიდებული.
ამასთან, მოლაპარაკებების ფარგლებში საწვავის მოცულობების, მიწოდების ვადებისა და ლოგისტიკური მარშრუტების დეტალური განხილვა ინტენსიურად გრძელდება, როგორც რუსეთს პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე პოტენციურად ახალ მომწოდებლებთან.
პარალელურად,ცნობილი ხდება, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტის ფონზე მოსკოვსა და მოსკოვის რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა. RBC-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმების შედეგად „გაზპრომნეფტის“ კაპოტნიას ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაზიანების შემდეგ, კომპანიის ბენზინგასამართ სადგურებზე ერთ მომხმარებელზე ბენზინის გაყიდვა 30 ლიტრით, დიზელის კი 60 ლიტრით შეიზღუდა, ხოლო ჭურჭლით საწვავის შეძენა აიკრძალა. პარალელურად, მოსკოვში „ლუკოილის“ რამდენიმე ბენზინგასამართ სადგურზეც მოქმედებს საწვავის ლიმიტი. მომხმარებლებს, მაქსიმუმ, 20-30 ლიტრი ბენზინის შეძენა შეუძლიათ, სხვადასხვა სადგურზე კი დიზელის გაყიდვაზეც დამატებითი შეზღუდვებია დაწესებული. გამოცემის შეფასებით, საწვავის კრიზისი უკვე რუსეთის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.



























