აჭარაში რუსეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ტურისტები ძირითადად აპარტამენტებზე ქმნიან მოთხოვნას, ამან Airbnb-ზე დაჯავშნილი ღამეების რაოდენობა გაზარდა.
ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში წერია, რომელიც აჭარაში ტურიზმის სექტორს ეხება.
2025 წლის 9 თვის მონაცემებით, ბათუმში Airbnb-ის აპარტამენტებში დაჯავშნილი ღამეების საშუალო ფასი გასულ წელთან შედარებით ორი დოლარით 45 დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით, ფასი თითქმის 10 დოლარით არის გაზრდილი.
მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტების ნაკადის ზრდამ გაზარდა სასტუმროების დატვირთულობა და შემოსავლები ბათუმში.
კერძოდ, ტურისტები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ისრაელიდან და საუდის არაბეთიდან აჭარაში სასტუმროებზე ქმნიან მოთხოვნას, რაც წინა წლების მსგავსად, 2025 წელსაც პოზიტიურად აისახა ბათუმის ბრენდული სასტუმროების დატვირთულობაზე.
Galt & Taggart-ის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების 76% განმეორებითია. განმეორებითი ვიზიტების უმეტესობა მეზობელი ქვეყნებიდან ხორციელდება. მეზობელი ქვეყნების შემდეგ, განმეორებითი ვიზიტების განსაკუთრებული სიხშირით გამოირჩევა ისრაელი და არაბული ქვეყნები. საბანკო ბარათების ანალიზით, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან განმეორებით ჩამოსული ტურისტების ძირითადი მიზანი აზარტული თამაშებია, რადგან მათი ხარჯვა ძირითადად სამორინეებსა და მათთან დაკავშირებულ ობიექტებშია კონცენტრირებული.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს სამ კვარტალში ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 5.6%-ით 5.3 მილიონამდე გაიზარდა. ტრადიციულად ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან შედგა 1 245 744. წლიური ზრდა რუსეთიდან 12%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 963 633 ვიზიტით, თურქეთის შემთხვევაში კლება 9%-ს შეადგენს. მესამე ადგილს კი სომხეთი იკავებს 720 114 ვიზიტით, აქ კლება 1.7%-ია.
ამ სამი ქვეყნის გარდა Top-15-ში შედიან:
- ისრაელი - 293 699 (მატება 28%);
- აზერბაიჯანი - 220 168 (მატება 35%);
- ყაზახეთი - 139 246 (კლება 5%);
- ბელარუსი - 127 265 (მატება 7.7%);
- ინდოეთი - 103 968 (მატება 19%);
- უკრაინა - 101 930 (მატება 14%);
- ჩინეთი - 96 333 (მატება 45%);
- ირანი - 96 305 (კლება 20%);
- საუდის არაბეთი - 84 384 (მატება 9%);
- გერმანია - 65 968 (მატება 5%);
- პოლონეთი - 64 210 (მატება 21%);
- უზბეკეთი - 61 949 (მატება 23%).




























