მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა ტურიზმზე უარყოფითად იმოქმედებს“ - საბა კიკნაძე

645ce3115d2e4
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.23 09:00
14803
ტურისტული კომპანია “კავკასუს თრეველის” დამფუძნებელი საბა კიკნაძე აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აღდგენა, რუსეთის მხრიდან საქართველოზე წვდომას გაზრდის. ამის შესახებ ტურიზმის დარგის წარმომადგენელმა BM.GE-სთან კრემლის გუშინდელი გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

კითხვაზე - გაზრდის თუ არა პირდაპირი ფრენები საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას, საბა კიკნაძე ამბობს, რომ ცალსახად რუსი ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება, რადგან ქართველებთან ერთად ქვეყანაში შემოსვლა რუსებსაც გაუმარტივდებათ.

„ამ გადაწყვეტილებამ შეუძლებელია ტურიზმზე უარყოფითი გავლენა არ იქონიოს. დემაგოგიაა, თითქოს მხოლოდ ქართველები შეძლებენ ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში მარტივად ჩამოსვლას. აქამდე თუ საქართველოში მოხვედრა სომხეთის გავლით შედარებით საწვალებელი იყო, ახლა რუსეთის მოქალაქეები ორსაათნახევარში შეძლებენ პირდაპირ საქართველოში ჩამოსვლას. აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ეს არ გაზრდის ნაკადის რაოდენობას. პირდაპირი ფრენების აღდგენა ეჭვგარეშეა, რომ გაზრდის საქართველოზე წვდომას რუსეთის მხრიდან.

ეს უარყოფითად იმოქმედებს ტურიზმზე და დარწმუნებული ვარ, საქართველოში დასასვენებლად ჩამოვლენ დაღლილი ბოროტმოქმედები. ეს არაფერს კარგს არ ნიშნავს, როდესაც სარეველას სასუქს უყრი იქიდან სხვა მცენარე მარტივად არ ამოვა და ჩვენ სარეველასთვის გვაქვს დაყრილი სასუქი, რომელიც არაფერს გვაძლევს.

გაიზრდება რუსეთიდან შემოსული ტურისტების რიცხვი და ჩვენს ტურიზმში დიდ ადგილს დაიკავებს. რა გვირჩევნია? - ნორმალური ტურისტისგან მიღებული 100 დოლარი, თუ დამპყრობლისგან მიღებული ამავე მოცულობის თანხა? ამასთან, ეს ხალხი იმხელა ფულს არ იხდის, როგორც სხვა ქვეყნის ტურისტები, მათ ყოველთვის უფასოდ უნდათ ყველაფერი. არასოდეს არ იყო რუსეთის ბაზარი მაღალი სტანდარტებისა და შემოსავლის შემომტანი საქართველოში“, - ამბობს საბა კიკნაძე.

ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ ისინი რუს ტურისტებს არ მოემსახურებიან, თუმცა ქვეყანაში ბევრი კომპანია, რომელიც მოემსახურება.

„ამ გადაწყვეტილებას ჩვენ მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებით შეიძლება ვებრძოლოთ. ეს პოლიტიკის საკითხია და პოლიტიკურად უნდა გადაწყდეს“, - ამბობს ის.

საბა კიკნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს რუსეთისთვის აქამდე უნდა დაეწესებინა ტურისტული ვიზები და ამ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით.

„კი, ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს რუსეთში ქართველების მიმოსვლას, თუმცა რუსეთის მოქალაქეებსაც გაუმარტივდებათ ჩამოსვლა. ჩვენ შეგვეძლო აქამდე ტურისტული ვიზები დაგვეწესებინა, ახლა უკვე იტყვიან, რომ ეს კავშირი ბილატერალური უნდა იყოს. ახლა შევანაცვლოთ და ისინი აღარ შემოვუშვათ, რატომაც არა?! ეს ქვეყნისთვის თავდაღმართში დაწეული ქვაა“, - აცხადებს საბა კიკნაძე.

ტურიზმის დარგის წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის კმაყოფილების გამო მიიღო.

„პროტოკოლურად შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ ევროინტეგრაციის გზაზე გავლენა არ იქონიოს, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ ამ გადაწყვეტილებით იზრდება უსაფრთხოების რისკები და ეს გადაწყვეტილება რუსეთმა საქართველოს მთავრობის მიმართ არსებული კმაყოფილების გამო მიიღო“, - უთხრა BM.GE-ს კიკნაძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა 2 ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლებიც საქართველოსთან 2019 წელს შეჩერებული პირდაპირი ფრენების აღდგენას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას გულისხმობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მთავრობისთვის მისასალმებელია და არსებული აჟიოტაჟი იმის შესახებ, რომ ქვეყანაში რუსი ვიზიტორების მეტი რაოდენობა - გაუგებარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები