მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთიდან ზეთის იმპორტიორი კომპანია “მზიური” ალტერნატიულ ბაზრად არგენტინას განიხილავს

623b4bbc5c618
ლიკა გურაბანიძე
24.03.22 23:00
11226
“რუსეთ-უკრაინა მსოფლიოში მზესუმზირის ზეთის მოხმარების 60%-ის დაკმაყოფილებას უზრუნველყოფდა. ალბათ გასაგებია ომის გამო რა დანაკარგებზეა საუბარი”, - ამის შესახებ bm.ge-ს ზეთის იმპორტიორი კომპანია “მზიურის” (ოლეინას იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა დიმიტრი რამიშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთში გართულებული გადახდების გამო, კომპანიამ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ბაზრების ჩანაცვლებაზე დაიწყო ფიქრი, თუმცა მისი თქმით, ეს მარტივი არ აღმოჩნდა.

“ალტერნატიული ბაზრები საკმაოდ რთული მოსაძიებელია. დღეს რუსეთის ბაზარი მოქმედია, ქარხანა მუშაობს, პრობლემები არ აქვს და ნედლეულიც არსებობს, თუმცა მომავალში რა იქნება არ ვიცით. ლოგისტიკაც მეტნაკლებად დალაგებულია. მაგალითად, არგენტინიდან, რომელიც რუსეთ-უკრაინის ბაზრის მსგავსად ზეთის წარმოებაში მსხვილია, იმპორტის განხორციელების შესაძლებლობა გვაქვს. ჩვენ რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლების გადაწყვეტილება მივიღოთ, არსებული რესურსი უნდა ამოგვეწუროს და ნულს გაუტოლდეს. მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთიდან ზეთის იმპორტს საფრთხე არ ემუქრება.” - განაცხადა რამიშვილმა.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველო რუსულ ზეთზე 76.7%-ით არის დამოკიდებული. ქვეყანაში ბოლო 2 თვეში 1.9 ათასი ტონა ($2.9 მლნ) მზესუმზირას ზეთია იმპორტირებული, საიდანაც 1.4 ათასი ტონა ($2.1 მლნ) რუსეთიდან შემოვიდა. ამავე პერიოდში, საქართველომ უკრაინისგან $461 ათასის 239.2 ტონა მზესუმზირას ზეთის იყიდა. ამის პარალელურად კი, რუსეთიდან გადაზიდვები რთულდება. ხოლო, ზეთის იმპორტი უკრაინიდან გაჩერებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები