მსოფლიოს მასშტაბით რუსული ნავთობის გაიაფებისა და საერთაშორისო სანქციების გამკაცრების ფონზე, რუსეთის ფედერაციის საბიუჯეტო შემოსავლები მკვეთრად მცირდება.
ქვეყნის ხაზინის შეფასებით, წელს ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა 47 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თანამედროვე რუსეთის ფედერაციის ისტორიაში დაფიქსირებული ანტირეკორდი იქნება და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 1.7%-ს შეადგენს.
საერთო ჯამში, ქვეყნის მთავრობა დაახლოებით $483 მილიარდის შემოსავლის მიღებას და $530 მილიარდის ხარჯების დაგროვებას პროგნოზირებს, ხოლო შემოსავალსა და გასავალს შორის სხვაობა დეფიციტში გადავა, რომელიც სამთავრობო ვალით ან გადასახადების გაზრდით იქნება შევსებული.
დეფიციტის გაღრმავება ნავთობისა და გაზის სარეალიზაციო შემოსავლების შემცირებითაა განპირობებული. ერთწლიან ჭრილში ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლები თითქმის განახევრებულია. ამასთან, მთავრობა პროგნოზირებს, რომ წელს ბარელი რუსული ნავთობის საშუალო ფასი $56-ის ფარგლებში იქნება, ნაცვლად წინასწარ ნავარაუდევი 70 დოლარისა. ცხადია, ნავთობის გაიაფება ავტომატურად იწვევს კრემლის ბიუჯეტის შემცირებას, რადგან ქვეყანა ეკონომიკურად პირდაპირაა დამოკიდებული ენერგეტიკული რესურსების რეალიზაციაზე.
ქვეყნის ეროვნული რეზერვის მოცულობას რაც შეეხება, რუსეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული აქტივების საერთო მოცულობა 687.7 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც, ოფიციალური უწყების ინფორმაციით, მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია, რასაც, თავის მხრივ, რუსული რუბლის გამყარება და ამერიკული დოლარის გაუფასურება განაპირობებს.
როგორც მარეგულირებელი განმარტავს, ზრდის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს გაძვირებაა, რომელსაც რუსულ რეზერვში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, კერძოდ, საუბარია $230 მილიარდის ოქროზე და მის ციფრულ სერტიფიკატებზე.
სავალუტო რეზერვის მოცულობას რაც შეეხება, ის დაახლოებით 418 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან $390 მილიარდი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული პორტფელის თითქმის ნახევარი დასავლურ იურისდიქციაშია გაყინული და ცენტრალურ ბანკს მასთან წვდომა არ აქვს, თუმცა ის ფინანსურ ანგარიშგებაში მაინც აღირიცხება და რუსეთის მთავრობის ბალანსზე რჩება.
თუკი რუსეთის მთავრობას ბიუჯეტის შევსება საგარეო ვალით ან გადასახადების გაზრდით გაუჭირდება, მაშინ მას ეროვნული რეზერვების გამოყენება მოუწევს, ქვეყნის ფინანსური მდგრადობისათვის პოზიტიურ მოცემულობას არ წარმოადგენს.




























