საქართველოს პრეზიდენტი თვლის, რომ მიმდინარე წელს საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების პირობებში ქვეყანა რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე დადგება. ასე უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა Deutsche Welle-ს ჟურნალისტის კითხვას რუსეთის მიერ გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში საზოგადოებაში, კომუნიკაციაში, სოციალურ მედიაში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებებსა და საქართველოში ამ ჩარევის გამოხატულების შესახებ.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველო რუსეთთან უფრო ახლოსაა და უფრო ნაცნობია როგორც რუსეთის მხრიდან ქართველი ხალხის ხასიათი, ასევე ქართველებმა იციან რუსული პროპაგანდის შესახებ.
„ჩვენ უფრო ახლოს ვართ და რუსული სამსახურები ბევრად უკეთ გვიცნობენ. იცნობენ ხალხს, ჩვენს ხასიათს, ასე რომ, გარკვეულწილად, მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია. ამავდროულად, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან. ასე რომ, ჩვენთან შეიძლება გამძლეობა ცოტა უფრო მაღალია, მაგრამ ჩვენ ამის [რუსეთის ჩარევის] საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დავდგებით, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.