რუსეთის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ 9 თვის ჭრილში საქართველოსთან სავაჭრო ბრუნვის ტენდენცია გრძელვადიანი არ იქნება. უწყებაში იმასაც განმარტავენ, რაც გამოიწვია ქვეყნებს შორის ვაჭრობის შემცირება. მათი შეფასებით, ეს რუსეთში მინერალური პროდუქტების ბაზარზე არსებული მდგომარეობით არის განპირობებული.
რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს განმარტებას „იზვესტია“ აქვეყნებს, სადაც გამოხატულია რუსული უწყების მზაობა საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების შესახებ.
„გასულ წელს ჩვენი ტვირთბრუნვა $2.3 მლრდ იყო, რაც 1.5-ჯერ მეტია ვიდრე 2021 წელს. მიმდინარე წელს უმნიშვნელო შემცირება ძირითადად დაკავშირებულია მინერალური პროდუქტების ბაზრის მდგომარეობასთან და გრძელვადიან ტენდენციას არ ასახავს. ჩვენ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისთვის მზად ვართ, რასაც მოწმობს, მაგალითად, მიგრაციის რეჟიმის შემსუბუქება“, - განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში და აღნიშნეს, რომ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება ქვეყნების ეკონომიკური კავშირის ზრდას შეუწყობს ხელს.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველო-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა წლიურად 40.2 მლნ დოლარით, ანუ 2.1%-ით შემცირდა. ექსპორტ-იმპორტმა ჯამში 1 მილიარდ 835 მილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოსთვის ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყანა უმსხვილესი, სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა და მთლიან ვაჭრობაში 10.9%-იანი წილით, თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის შემცირება, ძირითადად იმპორტის კლებითაა განპირობებული. 2024 წლის პირველ 9 თვეში საქართველოდან რუსეთში საქონლის შესაძენად 3.8%-ით ნაკლები თანხა გავიდა. იმპორტმა 1 მილიარდ 313 მილიონი დოლარი შეადგინა. რუსეთი კი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნების ათეულში 11%-იანი წილით, თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ მესამე ადგილზე აღმოჩნდა.
ამ პერიოდში რუსეთიდან 76.2 მლნ დოლარით, ანუ 15.1%-ით შემცირდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი.
რაც შეეხება ექსპორტს, ამ მხრივ დინამიკა დადებითია. წელს საქართველოდან რუსეთში 523 მლნ დოლარამდე ღირებულების საქონელი გავყიდეთ, რაც 2.2%-ით მეტია 2023 წლის 9 თვის ექსპორტთან შედარებით. რუსეთი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეულში 10.9%-იანი წილით მეოთხე ადგილს იკავებს. რეიტინგში მას ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი უსწრებენ, რომლებთანაც ვაჭრობის მზარდი დინამიკა, ძირითადად ავტომობილების რეექსპორტით არის განპირობებული.
საექსპორტო საქონლის ძირითადად პროდუქტებს ღვინოები და სპირტიანი სასმელები, ასევე მინერალური წყლები და ხილი წარმოადგენს.